ვანო მერაბიშვილი

NGO-ები: პენიტენციურმა სამსახურმა მერაბიშვილის დიაგნოზის გასაჯაროებით მისი უფლებები დაარღვია

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვანო მერაბიშვილის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო და მიიჩნევენ, რომ უწყებამ უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებები.

NGO-ები ხაზს უსვამენ, რომ ექსპრემიერის ადვოკატების ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის დიაგნოზის გასაჯაროებაზე მისგან თანხმობა არ ჰქონია.

"წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტებით, თანხმობის გამოხატვის თავისუფლება და კონფიდენციალურობის დაცვა არის ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის დამყარებისათვის, განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სადაც პატიმარს არ შეუძლია ექიმის თავისუფლად არჩევა", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

მათ მაგალითად მოჰყავთ პრეცედენტული საქმე "ზ. ფინეთის წინააღმდეგ", სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "პერსონალური ინფორმაციის, განსაკუთრებით კი სამედიცინო მონაცემების დაცვა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრინციპია კონვენციის ყველა ხელმომწერი მხარის სამართლებრივ სისტემაში. აღნიშნულ პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პაციენტის პრივატულობის პატივისცემის, არამედ, ასევე, სამედიცინო პროფესიისა და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მისი ნდობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც."

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობაზეც, რომელიც პაციენტის უფლებებს იცავს.

  • იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევამ არ გამოიწვიოს ევროკონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა, ევროსასამართლო ამოწმებს, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა დაშვებული იყო ქვეყნის კანონმდებლობით გარკვეულ, ნათლად განსაზღვრულ შემთხვევებში, კერძოდ თუ ეს ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირის უფლება პირად ცხოვრებაზე და აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ იმავე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა სხვა, ადამიანის უფლებების ნაკლებად ხელმყოფი საშუალებებით შეუძლებელი იქნებოდა.
  • საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, "ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად."
  • "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.
  • "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, "ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. (...)", 27-ე მუხლის თანახმად, "სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ".

ორგანიზაციები ასევე აღნიშნავენ, რომ პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ამომწურავად განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა, დასაშვებად ჩაითვალოს, თუმცა ჩამონათვალი არ ითვალისწინებს პენიტენციური სამსახურის მიერ დასახელებულ მიზეზებს, კერძოდ კი, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესსა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებას.

"შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქმედებით ივანე მერაბიშვილის მიმართ დაირღვა როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპები პერსონალური, მათ შორის, სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის დაცვის თაობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის უფლება", - აღნიშნავენ NGO-ები.

ისინი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუწოდებენ შეისწავლოს ივანე მერაბიშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გამჟღავნების საკითხი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსაც და მოუწოდებენ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე გამოთქმულ ვარაუდებს, მსჯავრდებულს უმოკლეს ხანში ჩაუტარონ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და უზრუნველყონ მისი ადეკვატური მკურნალობა.

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" (RCT/Empathy)
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ მის მიზანმიმართულ ინტოქსიკაციას. საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჩამოთვლილია არა მხოლოდ მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები, არამედ, მათ მისი დიაგნოზებიც. ვანო მერაბიშვილის ადვოკატების ინფორმაციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს აღნიშნული მონაცემების გავრცელებაზე მსჯავრდებულისგან თანხმობა არ მოუპოვებია. კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროება პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საჯარო ინტერესითა და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილებით ახსნა. ​ 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები