ომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმე

NGO-ები "იბერიაზე": კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ მოუხდენია რეაგირება "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიას" საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალებზე.

NGO-ების აზრით, საკითხის მნიშვნელობიდან და ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულ მასალებში მაღალი თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება, შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. გარდა ამისა, ორგანიზაციები ამბობენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბოლო დროს გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტების ფონზე, პრობლემის შესაძლო სისტემური ხასიათის გამო, აუცილებელია შესაბამისი სისტემური ნაბიჯები.

"ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ პრობლემის სერიოზულობა", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

ამ ეტაპზე, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე, მათ აუცილებლად მიაჩნიათ:

  • საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საქმის გამოძიება;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნას მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი;
  • ხელისუფლების მიერ საჯარო დისკუსიის წამოწყება საქართველოს ანტიკორუფციული სისტემისა და საგამოძიებო ინსტიტუტების რეფორმირების საკითხზე, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია და ეფექტური გამოძიება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, ვისაც შეჰქმნია საჯარო მოხელეებთან თუ თანამდებობის პირებთან კორუფციული ხასიათის პრობლემები, ღიად განაცხადონ ამის შესახებ, რადგან "მხოლოდ საჯაროობის შემთხვევაშია შესაძლებელი მათი უფლებების ეფექტურად დაცვა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით".

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საფარი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები