ბიბლიური თავისუფლება

ბიბლიური თავისუფლება: ავტოფარეხში ტაძარს ვაშენებთ, ამისთვის, წირვაზე დასწრება 20 ლარი ხდება

"ბიბლიური თავისუფლება" ტაძარს აშენებს. ამისთვის, ორგანიზაციის ცნობით, მღვდელმსახურის მოწმობის და შესაბამისად, წირვაზე დასწრების საფასური 20 ლარი იქნება. აქამდე შემოწირულება ნებაყოფლობითი იყო.

"ეკლესია თავის თავს ინახავს 20 ლარიანი ნებაყოფლობითი შემოწირულობებით, რომელსაც იხდის მღვდელმსახურთა დაახლოებით მეხუთედი, რაც ასევე ნათლად აჩვენებს კორელაციას ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და ადამიანთა მორალურ ქცევას შორის.

10 000-ზე მეტი მღვდელმსახურის არსებობის მიუხედავად, რაც, თავისთავად, ნებისმიერი ეკლესიისთვის დიდი სიმდიდრეა, არ გაგვაჩნია მუდმივი სალოცავი ადგილი და შეკედლებულები ვართ გირჩის ოფისის ღია სივრცეს, რომელიც მღვდელმსახურთა შეკრებისთვის მხოლოდ ზაფხულობით თუ გამოდგება. ყოვედღიურ წირვაზე მომსვლელთა რაოდენობა, სახელმწიფოს არაჰუმანური პოლიტიკის გამო, განუხრელად იზრდება, გირჩს კი არ აქვს საშუალება, ზამთრის ცივი დღეების დადგომის შემდეგ ოფისის დახურული სივრცე დაუთმოს საეკლესიო მსახურებას. 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ეპისკოპოსთა 36-ე კრებაზე ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის მშენებლობის შესახებ, რათა შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ამინდის გაუარესების კვალდაკვალ, მღვდელმსახურთა ყოველდღიური კრების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ამან ადამიანთა დიდ ნაწილს სულიერ დისკომფორტთან ერთად, თავისუფლების დისკომფორტი არ შეუქმნას.

მეორე მხრივ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ ყოველდღიურ ტრაგიკულ რეალობას, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, 20-ლარიან შემოწირულობასაც კი არ/ვერ იხდის ნებაყოფლობით, ასეთ დროს ეკლესია არ უნდა ისწრაფვოდეს პომპეზურობისა და მონუმენტური ტაძრების მშენებლობისკენ.

ამიტომ გადავწყვიტეთ ტაძარი განთავსდეს "გირჩის“ ეზოში არსებულ ავტოფარეხში, რომელსაც შევძენთ ტაძრისთვის აუცილებელ მისტიურობას, მყუდროებასა და კომფორტს.

ამ მიზნის მისაღწევად ხვალიდან, 26 სექტემბრიდან, წირვაზე დასწრების საფასურად დგინდება 20 ლარი, რომელიც შეგიძლია ჩააგდოთ ეზოში არსებულ "თავისუფლების ტაძრის“ მშენებლობის შესაწირ ყუთში ან გადარიცხოთ იმავე მიზნით შექმნილ ანგარიშზე" - აცხადებს ბიბლიური თავისუფლება და აღნიშნავს, რომ "არსებობის განმავლობაში მონობიდან გავათავისუფლეთ 10 ათასზე მეტი ადამიანი".

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის საშემოდგომო გაწვევიდან 2018 წლის აგვისტომდე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში სახელმწიფომ 5 914 წვევამდელი გამოიძახა, მათგან 4 406-მა სამხედრო სამსახურს თავი გირჩის მიერ დაფუძნებული ეკლესიით - "ბიბლიური თავისუფლებით" აარიდა. შედეგად, ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობით წვევამდელთა 75%-მა ისარგებლა. 

კომენტარები