საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად - დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ქალიც წაიყვანს

ვაიმ ალ დახილი პირველი ქალი გახდა, რომელმაც საუდის არაბეთში დღის მთავარი საინფორმაციო გადაცემა მამაკაც კოლეგასთან ერთად წაიყვანა. დახილი სამთავრობო ტელეარხზე გასულ ხუთშაბათს, საღამოს, ახალი ამბების გადაცემაში გამოჩნდა.

“ჯუმანაჰ აშშამი პირველი ქალი იყო, რომელმაც დილის საინფორმაციო გადაცემა წაიყვანა 2016 წელს. დღეს ისტორია მეორდება, დახილი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხდება” - წერია არხის განცხადებაში ტვიტერზე.

გასულ წელს, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ თავისი ამბიციური გეგმა “2030-ის ხედვა” წარმოადგინა, რომელიც საუდის არაბეთის მოდერნიზაციასა და ნავთობისგან დივერსიფიკაციას ითვალისწინებს.

გეგმა ასევე მოიცავს მეტ თავისუფლებას ქალებისთვის. წელს, ქალებს მანქანის მართვის უფლება მიეცათ, ასევე ამიერიდან მათ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაც შეუძლიათ. პრინცი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ქალები სამუშაო ძალის მესამედი იქნებიან. ამჟამად, ქალები დასაქმებულების 22%-ს შეადგენენ.

ამ მცდელობების მიუხედავად, გარემო საუდის არაბეთში თავისუფალი არ არის. მართალია, ქალებმა მანქანის მართვა დაიწყეს, მაგრამ ქალების უფლებებისთვის მებრძოლი ათასზე მეტი აქტივისტია დაპატიმრებული. კომპანიებს სამუშაო ადგილებზე ჯერ კიდევ მოეთხოვებათ სქესის მიხედვით სეგრეგაცია. რაც მთავარია, ქალებს სამუშაოსთვის, დაქორწინებისთვის, სამოგზაუროდ და მკურნალობის მისაღებად მამაკაცის თანხმობა სჭირდებათ.

კომენტარები