არჩევნები 2018

ყალბ ხელმოწერებზე პროკურატურას ცესკომ მიმართა, ენმ ევროპულ საქართველოს ადანაშაულებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

კოალიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი პარტიები მათ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადების შეტანაში ევროპულ საქართველოს ადანაშაულებენ. 

"ძალა ერთობაშია" 10 პარტიას აერთიანებს, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მოძრაობას სახელმწიფო ხალხისთვის, ასევე ზემოაღნიშნულ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას და მათი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა. ამასთან, პარტიებმა დამოუკიდებლადაც მიმართეს ცესკოს და თავიანთი პრეზიდენტობის კანდიდატები წარადგინეს. 

კოალიციის წევრი რამდენიმე პარტიის მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების გაყალბების საქმეზე მთავარ საგამოძიებო უწყებას ცესკომ მიმართა. კომისიის 18 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იმ დარღვევებს შორის, რომელიც მათ პროკურატურას რეაგირებისთვის გადასცეს, ერთ-ერთი "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერების სიას ეხება. 

"ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს. აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში - პროკურატურაში რეაგირებისთვის", - ეწერა განცხადებაში. 

ადამიანი, ვინც ცესკოს რეაგირებისთვის მიმართა, ევროპული საქართველოს წევრი ბესიკ დონაძეა, რომელიც ამავდროულად მარნეულში საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია. 

"სამჯერ არის ჩემ ნაცვლად ხელი მოწერილი პრეზიდენობის კანდიდატის, ბესიკ იაშვილის მხარდამჭერთა სიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დამიბარეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იქ დავადასტურე, რომ აღნიშნული ხელმოწერა მე არ მეკუთვნის. პროკურატურისთვის მე არ მიმიმართავს, მე ცესკოს მივმართე", - თქვა ბესიკ დონაძემ. 

ენმ-ის წევრი, ნიკა მელია კი ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა სხვა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურაში შეიტანა, იმის ნაცვლად, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე იზრუნონ ოქტომბრის არჩევნებში".  

„არ მინდა წარმოვიდგინო საკუთარი თავი ოდესმე ევროპული საქართველოს ადგილას. აი ამ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქთან, იმ ბრძოლაში სადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ წელს ოქტომბრის არჩევნებში, ამ დროს პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია და რომ კითხო არიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მათი პოლიტიკური  საბჭოს წევრი უჩივის სხვა ოპოზიციურ პარტიას პროკურატურაში. აი რა ჰქვია ამ საქციელს, მე სახელს არ დავარქმევ. ბატონმა დავით ბაქრაძემ გასცეს პასუხი",- თქვა ნიკა მელიამ რუსთავი 2-თან. 

"ძალა ერთობაშიას" ბრალდებებს ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ უპასუხა. 

"მერამდენედ უნდა გაუწოდონ ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით კონფლიქტის, ცილისწამების ნიაღვრით და სიძულვილის დათესვით. ეს მათ სტილად იქცა და ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისა და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს, ამ ცილისწამების მოგონების გარდა. ჯერ საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილის პროპაგანდას ბახტაძის ამბით, ახლა საკუთარი შეცდომის გამოყენებას ცდილობენ ჩვენზე თავდასხმის საბაბად და კიდევ უფრო მეტად ეხმარებიან ივანიშვილს და ზურაბიშვილს. 

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ცესკომ პროკურატურაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიებისა და ბესიკ დონაძის საქმესთან ერთად გაგზავნა, "ძალა ერთობაშიას" წევრის, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" მიერ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის გაყალბება იყო. 

კომენტარები