ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

საქართველო ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოში მეშვიდეა

georgicatravel.ge

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. საქართველომ 2017 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით ორი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. საქართველოს მხოლოდ ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ირლანდია და აშშ უსწრებენ. 

Fraser-ის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ათეულში შემავალი სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს განსაკუთრებულად დაბალი ქულა კანონის უზენაესობის კრიტერიუმში, თუმცა რეგულაციების სიმარტივის გამო საქართველო მაინც მსოფლიოს პირველი ათეულის წევრი ქვეყანაა. 

მეტიც, 2017 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა კანონის უზენაესობის კრიტერიუმში გაუარესებულია.

2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ფრეიზერის ინსტიტუტმა საქართველოს სასამართლო სისტემა და საკუთრების უფლების დაცულობა 10-დან 6.57 ქულით შეაფასა. ახლა გამოქვეყნებულ ინდექსში ეს მაჩვენებელი 6.31-მდე შემცირდა. ცალკეული კრიტერიუმების მიხედვით ვარდნა ასე გამოიყურება:

  • სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - 2017 წელს 5.05 ქულა, 2018 წელს 4.28 ქულა;
  • მოსამართლეთა მიუკერძოებლობა - 2017 წელს 4.74 ქულა; 2018 წელს 4.03 ქულა;
  • საკუთრების უფლებების დაცულობა - 2017 წელს 6.29 ქულა; 2018 წელს 6.13 ქულა;
  • ნდობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ - 2017 წელს 7.19 ქულა; 2018 წელს 6.97 ქულა;
  • კრიმონოგენული ვითარება - 2017 წელს 7.49 ქულა; 2018 წელს 7.03 ქულა.

სხვა კრიტერიუმებში საქართველოს ქულა ასეთია - მთავრობის ზომა - 7.53 ქულა; მონეტარული სტაბილურობა, ინფლაციის დონე - 9.22 ქულა; ვაჭრობის თავისუფლება - 8.56 ქულა; რეგულაციების ტვირთი - 8.49 ქულა.

რეგიონის ქვეყნების რიგითი ნომრები ასეთია:

  • სომხეთი - 29-ე ადგილი;
  • თურქეთი - 86-ე ადგილი;
  • რუსეთი - 87-ე ადგილი;
  • ყაზახეთი - 69-ე ადგილი;
  • აზერბაიჯანი - 106-ე ადგილი;
  • უკრაინა - 134-ე ადგილი.

ინდექსში შემავალი ყველაზე დახურული ეკონომიკის მქონე ქვეყნებია - სირია; ალჟირი; არგენტინა; ლიბია და ვენესუელა. 

შენიშვნა: ჩრდილოეთ კორეის და აფრიკის რამდენიმე უღარიბესი ქვეყნის მაჩვენებელი დათვლილი არაა. 

კომენტარები