ტაქსების ლიცენზირება

2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსები ივლის

თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს. ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

"რეგისტრაცია გრძელდება, ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა, თქვენ იცით, რომ პირველი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია, ვისაც ნებართვა არ ექნება  ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება. იქნება ჯარიმა. ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო, ეს უკვე მეორე ეტაპი არის. ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ ფერი იყოს თეთრი, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას." - ამბობს თბილისის მერი. 

კალაძის თქმით, ლიცენზირებული ტაქსის მანქანების პარკინგისთვის ქალაქში სპეციალური ადგილები გამოიყოფა და უფასო იქნება. ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ რეკლამა საკუთარ მანქანებზე. 

"ქალაქში გამოიყოფა სპეციალური ადგილები მათი პარკირებისთვის, რომელიც იქნება უფასო, გარდა ამისა მათ საკუთარ ავტომანქანებზე ექნებათ გამოყოფილი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და აქედან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ." - თქვა კალაძემ.

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. 1 ოქტომბრის შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

კომენტარები