ტაქსების ლიცენზირება

2019 წლის ოქტომბრიდან 3-კარიანი და მარჯვენასაჭიანი მანქანები ტაქსებად ვერ იმუშავებენ

2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტაქსის სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ამავე პერიოდიდან სავალდებულო ხდება, რომ თბილისში მოძრავი ყველა ლიცენზირებული ტაქსი თეთრი ფერის იყოს. 

"რეგისტრაცია გრძელდება, ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა, თქვენ იცით, რომ პირველი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია, ვისაც ნებართვა არ ექნება  ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება. იქნება ჯარიმა. ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო, ეს უკვე მეორე ეტაპი არის. ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ ფერი იყოს თეთრი, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას." - ამბობს თბილისის მერი. 

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. რეგისტრაცია 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

კომენტარები