"უტიფარი სიცრუის კამპანია" - ბოკერია პასუხობს კობახიძის შეფასებებს კომისიაზე

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კომისიის მუშაობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. გიგა ბოკერია განმარტავს, რომ სიცრუეა თითქოს კომისიის დასკვნა გამოძიების ვერსიას დაემთხვა და კომისიას არავიზე ხელის დაფარების ფაქტი არ დაუდგენია. 

"ივანიშვილის მთელი გუნდი გამოძიებას ვინც აწარმოებდა ჩვენ, კომისიას და კერძოდ ევროპულ საქართველოს გვაბრალებდნენ, რომ რაღაც პოლიტიზირებას ვახდენთ ამ საქმის და გვეუბნებოდნენ, რომ უდანაშაულო ხალხის დაჭერას ითხოვთ. ახალ სიმაღლეზე ავიდა ეს სიცრუის კამპანია, ეს უტიფარი სიცრუის კამპანიაა, თითქოს კომისიის დასკვნა დაემთხვა გამოძიების დასკვნას. სიცრუე ნომერი ერთი, რომ თითქოს დასკვნები დაემთხვა ერთმანეთს და დღესაც არ ვიცით ვინ არის მკვლელი და კომისიაც იგივე დასკვნამდე მივიდა, რომ არ იცის ვინ არის მკვლელი, არადა კომისიამ სწორედაც რომ, ბევრისთვის მოულოდნელად, დაადგინა მტკიცებულებები, რომ არსებობს ახალი ფიგურანტი - მიხეილ კალანდია, რომელსაც უნდა წაეყენოს მკვლელობაში, თანამონაწილეობაში ბრალი. მას ჰქონდა ცივი იარაღი, როდესაც მონაწილეობდა ამ ჯგუფურ მკვლელობაში.

სიცრუე ნომერი ორი - თითქოს კომისიამ დაადგინა, რომ რაღაც ხარვეზები იყო და ამას ჩვენც ვიძახდითო, არადა კომისიამ დაადგინა არა ხარვეზები, არამედ დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის აქტიურობის შედეგად პირდაპირ ხელის დაფარება მოხდა კალანდიაზე და ასე გააფუჭეს და ამისთვის გააფუჭეს საქმე. უფრო მეტიც, კომისიამ დაადგინა არა ზოგადად, არამედ კონკრეტული ფაქტებით ის პირები, ვის მიმართაც არის ყველა ნიშანი, რომ გამოძიება დაიწყოს ხელის დაფარებაში, ამ მძიმე დანაშაულში, კერძოდ, მთავარი პროკურორი შოთაძე, წამყვანი პროკურორი ფხაკაძე, შსს-ს გამომძიებლების კურატორი ფიფია. კომისიამ დაადგინა მთელი წყება პროკურატურისა და შსს-ს თანამშრომლების, რომელთა მხრიდანაც მინიმუმ გულგრილობის ნიშნები არსებობს, რომ ფეხებზე დაიკიდეს და არ ირეაგირეს, ან ვერ ირეაგირეს ხელმძღვანელობის ნების გამო იმაზე, რაზე უნდა ერეაგირათ." - ამბობს ბოკერია.

გუშინ ტვ პირველის ეთერში გადაცემაში რეაქცია, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ კომისიას გამოძიების პროცესში არანაირი დარღვევა არ დაუდგენია და ასევე არ დაუდგენია, რომ გამოძიბამ ვინმეს ხელი დააფარა. 

"კომისიას არცერთი დარღვევა არ დაუდგენია, იქ საუბარია ერთადერთი იმაზე, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას რომ იყო დარღვევა. კომისიას რეალურად არ დაუდგენია, რომ ვინმემ ვინმეს ხელი დააფარა, რაც შეეხება იმას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით არ არის დადგენილი სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი ამ ყველაფერს აქვს ობიექტური საფუძველი და ზუსტად იგივე ობიექტური საფუძვლების გამო ვერ დაადგინა ეს პირი ვერც საგამოძიებო კომისიამ, რატომ ვერ დაადგინა, ხელი დააფარა სერგი კაპანაძემ? ზაზა სარალიძე რატომ არ ეკითხება სერგი კაპანაძეს, რატომ ვერ დაადგინა კომისიამ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი? არცერთ ქვეყანაში 100 პროცენტიანი მაჩვენებელი მკვლელობის გახსნის არ არსებობს, ყველაზე დახვეწილ სამართალდამცავ სისტემებსაც კი არ შეუძლიათ 100 პროცენტიანი გარანტიის მიცემა , რომ ქვეყანაში ჩადენილი ყველა მკვლელობა იქნება გახსნილი, ეს არის ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის გაუხსნელობას შეიძლება ადგილი ქონდეს იქაც სადაც არავინ არავის ხელს არ აფარებს და სადაც ხარვეზების გარეშე წარიმართება გამოძიება." - ამბობს კობახიძე.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები.  

5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. 

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: 

მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.

მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.

მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა

შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 

გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები

დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 

თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  

საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 

გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე

დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 

დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 

მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა

მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება

გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე

გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება

საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო

სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

კომენტარები