განათლება

კრიტიკის მიუხედავად, უნივერსიტეტების ავტორიზაციის გადავადება კვლავ იგეგემება

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

კანონპროექტის განხილვა, რომელიც უნივერისტეტებისთვის ავტორიზაციის გადავადებას ითვალისწინებს, არ შეჩერდება. ამის შესახებ თავად ავტორმა, მარიამ ჯაშმა მას შემდეგ განაცხადა, რაც უნივერსიტეტების რექტორებს და უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტების ნაწილს შეხვდა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძეც. ის დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს მართებული არ იქნება.

"არის უნივერსიტეტები, რომლებმაც ვერ მიიღეს ავტორიზაცია და შეცვალეს სტატუსი, ანუ ეს არის უსამართლო მათ მიმართ. უსამართლოა იმათ მიმართაც, რომლებმაც მიიღეს ავტორიზაცია და დიდი ენერგია და დიდი დრო დახარჯეს. გარდა ამისა, პროცესის რაღაც ეტაპი უნდა დასრულდეს, თუნდაც წლის ბოლომდე, პირველი ტალღა ამ ავტორიზაციის უნდა დასრულდეს, რომ ჩვენ მივიღოთ მონაცემები, დავამუშაოთ და მიხვდეთ სად არის ხარვეზები. ასევე, მართალია აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ამას გავლენა არ აქვს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამას გავლენები ექნება, რადგან ძალიან რთულია დაარწმუნო კოლეგა ექსპერტები, რატომ იწყება რაღაც პროცესი და მერე უცებ წყდება", - ამბობს დავით აფრასიძე და აღნიშნავს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და ამ შემთხვევაში საბჭოს სახელით არ საუბრობს.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ რექტორების უმეტესობა დაგეგმილ ცვლილებებს ეთანხმება, მიუხედავად იმისა, ეხებათ მათ ეს თუ არა. ისინი ამბობენ, რომ ავტორიზაციის პროცესი არის სტრესული და დროის გაზრდა სასურველია. თუმცა გაჩნდა ახალი ინიციატივა - ვადა გაზარდოთ იმ უნივერსიტეტებს, რომლებმაც ავტორიზაცია უკვე მიიღეს.

თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვატო ლეჟავა ტაბულასთან ამბობს, რომ ავტორიზაციის პროცესში არის ხარვეზები, რომელსაც შეიძლება ადამიანი ხედავდეს ობიექტურადაც ნეპოტიზმის გამო და ცვლილება საჭიროა.

"თავისუფალმა უნივერსიტეტმა სრულად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა და ეს პრობლემა არ დგას, ამიტომ შეიძლება, არ უნდა გვაღელვებდეს ეს საკითხი. მაგრამ რადგან ვხედავთ, რომ როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების დროს იყო და არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, არ ვუსურვებ არც ერთ უნივერსიტეტს ასეთ პროცესში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში არჩევანის უფლება და ალტერნატივები ყველაზე კარგი გამოსავალია. რადგან ხარვეზებს ვხედავ, მგონია, რომ ეს [კანონპროექტი] არის რეაქცია ამ ხარვეზებზე. ბევრი რამე შეიძლება არსებობდეს, ამ ხარვეზებს ადამიანი ნეპოტიზმის გამო ხედავს თუ ობიექტურობის გამო... სუბიექტურად რომ შევხედოთ, მე ამ პროცესის მიმართ ნეიტრალური უნდა ვიყო, მაგრამ რადგან ვხედავ ხარვეზებს, არ ვარ და მგონია, რომ ასეთი რეაქცია ყველაზე სწორი იქნება", - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება კონკრეტულად ხარვეზებს, ვატო ლეჟავა ამბობს, რომ სისტემა ზოგადად გადასახედია.

"გარკვეულ დროს განათლების სამინისტროს ჰქონდა სურვილი, რომ ეს პროცესები ყოფილიყო სადამსჯელო. გამოცხადებული იყო უნივერსიტეტების "სწორი" რაოდენობა. არადა, თვითონ პროცესი იმას გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი იმდენი უნდა იყოს, რამდენიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და არა მინისტრის ან თუნდაც პრემიერმინისტრის მიერ განსაზღვრული. კიდევ უფრო ფუნდამენტურად რომ შევხედოთ, მე მგონია, რომ საერთოდ გადასახედია ეს სისტემა, მაგრამ ამ თემაზე არ არის ახლა საუბარი. ახლა საუბარია იმაზე, რომ მეტი დრო, ალტერნატივა და მოქნილობა მიეცეთ უნივერსიტეტებს, რასაც მე ვერაფრით შევეწინააღმდეგები მინიმუმ და მაქსიმუმ, მხარი მინდა დავუჭირო", - ამბობს ლეჟავა.

ცვლილებებს ეთანხმება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორიც, რომელსაც მიმდინარე წელს სტუდენტების მიღება შეეზღუდა და რომელსაც კანონპროექტი არ შეეხება.

"ეს პროცესი არის ძალიან დამღლელი, არის ძალიან ბევრი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულონ. ამისთვის ერთი წელი საკმარისი არ არის, ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში დამატებითი დროის მიცემა არ არის ცუდი აზრი. რა თქმა უნდა, მეც მაქვს შეგრძნება, რომ არათანაბარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დღესაც ითქვა, რომ ბევრი ხარვეზია პროცესში და არსებულ ხარვეზებში გადის ჩვენი საქმეც", - ამბობს ილიას ჩილოღლუ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ჰქონდათ არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. მეტიც, ცვლილებების თანაავტორი, გია ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. კრიტიკულადაა განწყობილი ნუკრი ქანთარიაც, რომელიც იხსენებს, რომ გასულ წელს სახელოვნებო სასწავლებლების ხელშეწყობა ითხოვა, თუმცა უარი იმ არგუმენტით მიიღო, რომ ყველა უნივერსიტეტი თანაბარ პოზიციაში უნდა იყოს.

უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. მარიამ ჯაშმა ეს ექსპერტების დიდი რაოდენობით ახსნა და განმარტა, რომ შეხვედრა ღია იყო და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ირინე დარჩიამ, რომელიც კანონპროექტს უარყოფითად აფასებს და გავრცელებული კრიტიკული განცხადების ხელმომწერიცაა, თავისი აზრი შეხვედრაზეც დააფიქსირა. რაც შეეხება რექტორების პოზიციას, განათლების ექსპერტი ამბობს, რომ ეს ბუნებრივია, რადგან ისინი დაინტერესებული პირები არიან და არა ობიექტური შემფასებლები.

"კომიტეტი აზრს ეკითხება რექტორებს, რომლებიც არიან მხარე. ისინი არიან დაინტერესებული, ინტერესთა კონფლიქტია. რა თქმა უნდა, ყველა რექტორი გეტყვის, რომ ურჩევნია შეამოწმონ არა ხვალ, არამედ ზეგ და არა რთული, არამედ მარტივი სტანდარტით. მაგრამ ჩვენ რა გვინდა, სახელმწიფოს რა უნდა?", - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, კანონპროექტი არ არის კარგად არგუმენტირებული და ამ ცვლილებების საჭიროება არ არსებობს. გარდა ამისა, დარჩია აღნიშნავს,  რომ არ იქნა გათვალისწინებული ის რისკები და საფრთხეები, რაც შეიძლება ავტორიზაციის გადავადებას მოჰყვეს.

კერძოდ, საუბარია ქართული დიპლომების საერთაშორისო აღიარებაზე. განათლების რეფორმის ექსპერტის განმარტებით, ამის ერთ-ერთი ინდიკატორი არის ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ასოციაციის, ENQA-ს წევრობა. თუმცა ამის წინაპირობა არის ავტორიზაციის ისეთი სტანდარტი, რომელიც ევროპულ სტანდარტთან იქნება შესაბამისობაში. ირინე დარჩია ამბობს, რომ საქართველოს უკვე აქვს ასეთი სტანდარტი დამტკიცებული და არსებობს ევროპელი ექსპერტების დასკვნაც.

"როცა ჩვენ პროცესს დროებით ვაჩერებთ რამდენიმე უნივერსიტეტის გამო, რომლებსაც დრო არ ეყო, ამით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ENQA-ში გაწევრიანებას, ანუ საქართველოს დაახლოებას ევროპულ ხარისხთან და სტანდარტთან", - აღნიშნავს ის.

გარდა ამისა, ირინე დარჩია ამბობს, რომ ავტორიზაციის ახალი სტანდარტით პროცესის გავლა მიმდინარე წელს 14-მა უნივერსიტეტმა შეძლო, ზოგმა მეტი და ზოგმა ნაკლები რეკომენდაციით, თუმცა სტანდარტი დაძლევადია და გაუგებარია, რატომ უნდა შეჩერდეს.

"თუ ამ უნივერსიტეტებმა, რომელთა შორისაც არის როგორც დიდი სახელმწიფო, ისე პატარა კერძო და რეგიონული დაწესებულებები, შეძლეს სტანდარტის დაკმაყოფილება, ე.ი., ეს სტანდარტი დაძლევადი, მოსწრებადი და გაკეთებადია. და ის, რაც არის მოსწრებადი და გაკეთებადი, რატომ უნდა შევაჩეროთ და გვჭირდება იმ უნივერსიტეტების ხელშეწყობა, რომლებიც ამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ? ამ შემთხვევაში ირღვევა სტუდენტების უფლებები. კომიტეტი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სტუდენტებმა ისწავლონ იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც სტანდარტს აკმაყოფილებენ და თუ რომელიმე არ აკმაყოფილებს, ამის გამო სისტემის გაჩერება და გარკვეულ სტრუქტურებში გაწევრიანების საფრთხის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია", - ამბობს განათლების რეფორმის ექსპერტი.

ირინე დარჩია ასევე აღნიშნავს, რომ უნდა გაიმიჯნოს თავად ავტორიზაციის სტანდარტი და მისი შესრულების პროცესი. ექსპერტის თქმით, თუ გვინდა ევროპული სტანდარტი, არსებულზე უკეთესი ვერ გვექნება. რაც შეეხება შესრულებას, დარჩია ამბობს, რომ პროცესში ხარვეზები ნამდვილად იყო, მაგრამ ამას მენეჯმენტის პროცესში ცვლილებები სჭირდება და არა ავტორიზაციის სტანდარტების მოქმედების შეჩერება.

"საინტერესოა ის, 2009 წელსაც იყო აკრედიტაციის ცენტრის ENQA-ში გაწევრიანების მცდელობა, თუმცა ვერ გაწევრიანდა. დღეს ამის რეალური შანსი არსებობს, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი  მონაპოვარია და არ მესმის კომიტეტს რატომ მიაქვს უკან თავისივე პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი განათლების პოლიტიკის სფეროში”, - აღნიშნავს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი, მარიამ ჯაში ამბობს, რომ კრიტიკული შეკითხვები ჯანსაღი პროცესია. გარდა ამისა, დეპუტატი იზიარებს იმ პოზიციას, რომ იმ უნივერსიტეტებისთვის, ვინ წელს უკვე გაიარა ავტორიზაცია, თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას, თუმცა უცნობია ექნებათ თუ არა შეღავათი დაწესებულებებს, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია.

"მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ დამაბალანსებელი ფაქტორი უნდა შემოვიტანოთ, რათა წარმატებით ავტორიზაცია გავლილი უნივერისტეტებისთვის იყოს ასევე თანაბარი პირობები, მათ შეეძლებათ დამატებით საკომპენსაციო ფაქტორი მიენიჭოთ. თუმცა ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას. კანონპროექტის განხილვის შეჩერება არ მოხდება, ხოლო გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს შესაბამის დროს, იქნება საერთო მსჯელობის და არგუმენტაციების შეჯერების საფუძველზე", - ამბობს ჯაში.

ის კანონპროექტის მომზადებას ავტორიზაციის პროცესში არსებულ ხარვეზებს უკავშირებს და ნეპოტიზმთან დაკავშირებით ეჭვებს არ ადასტურებს. გარდა ამისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში სამინისტრო აუდიტს გეგმავს.

"ამის მიზანია განათლების ხარისხის სამსახურში განხორციელებული პროცესების შესწავლა, რომელიც აპრიორი კრიტიკულ შეფასებას არ გულისხმობს და გულისხმობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეების და შესაძლო ხარვეზების გამოვლენას. ავტორიზაციის პროცესში იმდენად ბევრი ხარვეზი იკვეთება, იმდენად დიდი იყო სუბიექტივიზმის ფაქტორი, რომელსაც ასახელებენ არამხოლოდ ის უნივერსიტეტები, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, არამედ წარმატებით ავტორიზაცია გავლილი უნივერსიტეტების მხრიდან ფიქსირდება ანალოგიური შეფასებები, რომ აუცილებელია ამ პროცესის სრულფასოვანი შეფასება და შესაბამისი რეგულაციების მიღება", - აღნიშნავს დეპუტატი.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც უნივერსიტეტების ნაწილს ავტორიზაციას 2020 წლამდე გადაუვადებს. აღმოჩნდა, რომ ცვლილება მომგებიანია მათ შორის ისეთი სასწავლებლებისთვის, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობის პირებს უკავშირდება.

პირველ რიგში, მიუთითებენ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშზე, რომელიც ამ კანონპროექტის ავტორია სამ სხვა დეპუტატთან ერთად. თუმცა, ერთი მათგანი მისივე ინიცირებული კანონის მხარდაჭერაზე უკვე უარს ამბობს, ორის კომენტარიდან კი ირკვევა, რომ ცვლილებების ინიციატორი რეალურად მხოლოდ მარიამ ჯაშია. გარდა ამისა, ავტორიზაციის პროცესში ჩართული პირები ჯაშის მხრიდან წარსულში სხვადასხვა უნივერსიტეტისთვის "პრობლემების მოგვარების" მცდელობაზეც საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის საბჭო როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე სახელმწიფო ორგანოებისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ავტორიზაციის პროცესზე პოლიტიკური ზეგავლენის გამო ბოლო წლებში არაერთი უნივერსიტეტის შემთხვევა მოექცა ყურადღების ცენტრში.

კანონში დაგეგმილი ცვლილება შეეხება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით ან გაუვიდათ 2018-2019 წლებში და მათთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

კანონპროექტის ავტორები დაჩქარებულ განხილვას ითხოვდნენ, თუმცა კომიტეტზე მოსმენის შემდეგ ოპოზიციამ ნეპოტიზმზე დაიწყო საუბარი. მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები და ცვლილებების განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის პირობების შეცვლას ემხრობა განათლების ახალი მინისტრი. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და სხვა თანამდებობის პირების გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა თქვა ისიც, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესები დახვეწას საჭიროებს. მარიამ ჯაშის კანონპროექტის შესახებ სამინისტრო რომ საქმის კურსში იყო, ამას ადასტურებს ისიც, რომ კომიტეტის სხდომაზე ინიციატორ გენადი მარგველაშვილთან ერთად, ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებს უწყების წარმომადგენელიც პასუხობდა.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებმა, რომლებიც უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი თქმით, კანონპროექტი აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უნივერსიტეტების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ, ოქტომბერში განიხილავს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თაკო ჩარკვიანი

კომენტარები