სკრიპალის მოწამვლის საქმე

სკრიპალის საქმეში ბრალდებული ГРУ-ს ოფიცერი რუსეთის უმაღლეს სამხედრო ჯილდოს ფლობს

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მხილებული რუსეთის ორი მოქალაქიდან ერთ-ერთის ნამდვილი ვინაობა ამხილეს. მათი მტკიცებით, რუსლან ბოშიროვის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ)-ს ოფიცერი ანატოლი ჩეპიგაა და ის თავისი საქმიანობისთვის რუსეთის სახელმწიფოს მიერ არაერთხელაა დაჯილდოვებული. ჩეპიგა უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. 2014 წელს მას რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიენიჭა, პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერით.

ეს აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს არსებულ ვერსიას, რომ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები სინამდვილეში რუსულ სპეცსამსახურებს წარმოადგენდნენ. აქამდე ცნობილი იყო, რომ ორივემ ყალბი პასპორტები გამოიყენეს ბრიტანეთში ჩასაღწევად.

Russia Today-ს ეთერში ადამიანებმა, რომლებიც თავს ალექსანდ პეტროვს და რუსლან ბოშიროვს უწოდებენ, ბრალდებები უარყვეს. მათი თქმით, GRU-სთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ჩვეულებრივი ბიზნესმენები არიან და "ფატალური დამთხვევის" მსხვერპლები გახდნენ.

ბრიტანული გამოძიების ვერსიით, სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების დასატანად ნინა რიჩის სუნამოს მოდიფიცირებული ფლაკონი გამოიყენეს. 

"სულელური არ არის, პატიოსან ყმაწვილებს რომ ქალის სუნამო ჰქონდეთ? საბაჟოზე ყველაფერს ამოწმებენ. ხომ გაუჩნდებოდათ კითხვა რატომ აქვთ კაცებს ქალის სუნამო ბარგში. ჩვენ ის არ გვქონია," თქვეს მათ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმითაც, ისინი რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან და ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები კრიმინალები არ არიან.

პუტინის თქმით მისმა მთავრობამ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი იპოვა და იმედი აქვთ, რომ ისინი მალე მოყვებიან თავიანთ ისტორიას.

"ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი, ჩვენ ვიპოვეთ ისინი," თქვა პუტინმა ვლადივასტოკში საუბრისას.

"იმედი მაქვს, რომ ისინი თავად გამოჩნდებიან და მოყვებიან ყველაფერს. ეს უმჯობესი იქნება ყველასთვის. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არაფერი კრიმინალური, გარწმუნებთ. ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ." თქვა მან.

ბრიტანეთის პოლიცია თავდასხმას კიდევ ორი ადამიანის მოწამვლასთან აკავშირებს, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. სავარაუდოდ ისინი მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც შეხება ჰქონდათ პარფიუმერიის ბოთლთან, რომელიც, სავარაუდოდ, სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების მისასხურებლად გამოიყენეს.

კომენტარები