არჩევნები 2018

გირჩი: დადეთ ფსონი, თუ ჯაფარა 5%-ზე ნაკლებს მიიღებს, დადებული თანხის 100%-ს მიიღებთ

პარტია გირჩი ამომრჩეველს ზურა ჯაფარიძის 5%-იან რეიტინგზე ფსონების დადებას სთავაზობს. 

"ჰანდიკაპს გაძლევთ, თუ ჯაფარა იღებს 5%-ზე ნაკლებს, იგებთ თქვენ, რაც ნიშნავს, რომ დამატებით მიიღებთ დადებული თანხის 100%-ს. 

ანუ გირჩის წაგებაზე კუში არის 2.0. თუ ჯაფარა 5%-ს ან კვლევაში ნაჩვენებზე მინიმუმ ორნახევარჯერ მეტს იღებს, დადებული თანხა ჩვენია. 

თუ კვლევის გჯერათ, დადეთ!

თანხის დადება შეგიძლიათ ჩვენს ანგარიშზე: GE60TB7791136080100005 და დანიშნულებაში მიუთითეთ "ფსონი“. 

მინიმალური ფსონი არის 1000 ლარი", - წერს გირჩი. 

პარტიაში ასე რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, ზურა ჯაფარიძის და გირჩის რეიტინგი არის 2%. 

"საქართველოში სულ არის მითქმა-მოთქმა კვლევების სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან პარტიების მიერ შეკვეთილი კვლევების შედეგები არასოდეს ემთხვევა რეალურ შედეგებს. გირჩს აქამდე არ გვქონია საშუალება ზუსტად გაგვეზომა ჩვენი რეიტინგი და გულწრფელად გვეთქვა სიმართლე საზოგადოებისთვის. ვფიქრობთ, ეს არჩევნები ყველა კვლევაზე უკეთ დაგვანახებს სურათს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მასში გირჩის ყველა მხარდამჭერის მონაწილეობას.

თუმცა ყველა იმ ადამიანის ან ორგანიზაციისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, კვლევის ავტორების და შემკვეთებისთვის, რომელთაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი რეალობა, სჯერათ ამ კვლევის შედეგების უტყუარობის და წარმოაჩენენ მათ, როგორც ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს, გვაქვს ასეთი შეთავაზება, მოდით, მოვაწყოთ მარტივი ტოტალიზატორი და დავდოთ ფსონი", - წერს გირჩი.

კომენტარები