გაეროს 73-ე სესია

მამუკა ბახტაძე რუსეთს: გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

საქართველო პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სეასიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა. გამოსვლის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ქართული ენა მსოფლიო ცივილიზაციის უძველესი და განუყოფელი ნაწილია და საუბარი სოხუმის დაცემის დღის და რუსული ოკუპაციის შესახებ გააგრძელა:

"25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის. ათი წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. ამ სამხედრო აგრესიიდან ათი წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ეთნიკური წმენდის შედეგად საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღემდე დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის უფლება, უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი მდგომარეობა." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება:

"ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო, ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე; მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს; საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავების და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევათ." 

პრემირ-მინისტრის თქმით, გრძელდება გატაცების არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამებისა და მკვლელობის ფაქტები და ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდა არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული. პრემიერმა ისაუბრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და თქვა, რომ ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით უნდა მოეთხოვოთ პასუხი. 

"ოკუპაციამ და კანონიერების უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტების გათვალისწინებით სულ მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გადაიზარდოს უკონტროლო პროცესში შესაბამისი მძიმე შედეგებით. "- განაცხადა ბახტაძემ და საერთაშორისო საზოგადოებას ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისო საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ"- თქვა მამუკა ბახტაძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შეუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მისივე თქმით, საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა და ძალის არ გამოყენების იურიდიულად სავალდებულო პასუხისმგებლობაც აიღო.

"შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, მაგრამ ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. 

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. 

პრემიერმა გაეროს ასამბლეის წევრებს ესაუბრა ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა:

"ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობიგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოფ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივის მიზანია ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის. 

კომენტარები