ბენიამინ ნეთანიაჰუ

ნეთანიაჰუ გაეროში: ისრაელმა თეირანში საიდუმლო ბირთვული საწყობი აღმოაჩინა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა თეირნაში "საიდუმლო ბირთვული საწყობი" აღმოაჩინა, სადაც ბირთვული იარაღი და რადიოაქტიური მასალები ინახება.

ნეთანიაჰუმ ევროკავშირის ლიდერებს "შემრიგებლური პოლიტიკის" ნაცვლად ირანისათვის ახალი სანქციების დაწესებისაკენ მოუწოდა.

"მე ისტორიკოსის შვილი ვარ და ეს კითხვა უნდა დავსვა: ევროპის ლიდერებმა ისტორიიდან ვერაფერი ისწავლეს? ოდესმე გამოიღვიძებენ ისინი?" თქვა მან.

ნეთანიაჰუს თქმით ამ საწყობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ პირველად სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ვრცელდება. მან სატელიტური ფოტოც წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით საწყობს ასახავს. ისრაელს წარსულშიც გაუვრცელებია დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალა, რომელიც ირანის მხრიდან ბირთვულ იარაღზე მუშაობაზე მიუთითებს.

მაისში თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტები და დისკები, რომლებიც ისრაელის თქმით ამტკიცებს, რომ ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს წლების მანძილზე ატყუებდა, როდესაც აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა.

მაშინ ნეთანიაჰუ ამბობდა, რომ ამის მტკიცებულებას იანვარში "მოსადის" აგენტების მიერ თეირანში მდებარე საიდუმლო საწყობიდან მოპარული 55,000-გვერდიანი დოკუმენტები და 183 დისკი შეიცავდა. საიდუმლო ოპერაციის შესახებ დონალდ ტრამპს ინფორმაცია იანვარში "მოსადის" ხელმძღვანელმა მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გაეროში ირანის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენლების თქმით ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისათვის გადახდის ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც საშუალებას მისცემთ გვერდი აუქციონ აშშ-ის მიერ ირანისათვის დაწესებულ სანქციებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს თქმით ესაა "ყველაზე კონტრპროდუქტიული ზომა, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება."

კომენტარები