ლარის გაუფასურება

სებ-მა სავალუტო ინტერვენციით $10 მილიონი შეისყიდა

კობა გვენეტაძე
ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა ლარის გაუფასურების მიუხედავად, სავალუტო რეზერვების გაყიდვის ნაცვლად მათი შესყიდვა ამჯობინა და ბაზრიდან $10 მილიონი ამოიღო. გარიგებაზე დამდგარი კურსი დოლართან მიმართებით 2.61 ლარია.

ეს 2018 წლის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში ეროვნულმა ბანკმა $102.5 მილიონი შეისყიდა.

$10 მილიონის შესყიდვის მიუხედავად, დღეს კურსი დოლართან მიმართებით 0.4 თეთრით გამყარდა, რომ არა ინტერვენცია, ის კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით ისინი ინტერვენციებს საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებისთვის აკეთებენ, რომელიც 2014-2015 წლებში ლარის გაუფასურების გამო შემცირდა. თუმცა, მაშინ, როდესაც კურსი უფასურდება ბაზრიდან დამატებითი მოცულობის უცხოური ვალუტის შესყიდვამ შესაძლოა ის კიდევ უფრო მეტად გააუფასუროს. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციები მოხდება ისე, რომ კურსის ძირითადი მიმართულება უცვლელი დარჩეს. 

"ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა,"- ამბობს გვენეტაძე.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ამ დროისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $2.9 მილიარდია. საქართველოს რეზერვების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. 

კომენტარები