არჩევნები 2018

ვაშაძე: არ არის ნაციონალური მაუწყებელი, სადაც თანახმა არ ვიქნებით ზურაბიშვილთან დებატებზე

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის მზად არის სალომე ზურაბიშვილთან სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა. ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მზადაა მის ოპონენტებთან გამართოს დებატები. ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის თქმით, "შავი ძალები" მის საწინააღმდეგო PR კამპანიას ატარებენ. დებატებზე თანხმობა გამოთქვა ევროპულმა საქართველომაც. 

"არ არის ნაციონალური ტელევიზია, არ არის ეროვნული არხი, სადაც ჩვენ თანახმა არ ვიქნებით, რომ მივიდეთ იქ. იმიტომ, რომ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, არ არის დიპლომატი, არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის კანდიდატი და არ წარმოადგენს არავის საქართველოში. ამიტომ დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. ქართული ოცნების ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე,"- ამბობს ვაშაძე.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს სალომე ზურაბიშვილის და დათო ბაქრაძის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე ოპოზიციის მხარდასაჭერად. 

"რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას დავით ბაქრაძეს, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი,"- ამბობს ბოკერია.

"ჩავთვალე, რომ უნდა გადავლახო ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მე გამაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში,"- ამბობს ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები