ე.წ ქურდული სამყარო

ე.წ. „ქურდული საერთო" და "მაყურებელი" წალკაში - შსს-მ 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.

უწყება ბრალდებულების საუბრის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებსაც ავრცელებს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=7dB6pMdAOuI]



"მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს 
დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 
1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს 
დაბადებული გ.ო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა 
„კანონიერმა ქურდებმა“ - მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან 
კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს - მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი 
მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ 
შეკრების ორგანიზება დაავალეს.

იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი 
ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან - თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული 
შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს 
„ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, 
ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ 
შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების - მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და 
ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების - ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს 
მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული 
საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა 
შეგროვდა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, 
„კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს 
მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ - გიორგი ფოლადაშვილის 
(მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა." - თქვა ჭელიძემ ბრიფინგზე.

შსს-ს ინფორმაციითვე, დაკავებულების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია, ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია და ტელეფონები, რომლებითაც ისინი ერთმანეთს 
და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.



გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და 
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 
223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა 
მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის აპრილიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული 
სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა 
„ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის 
მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის 
მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული 
სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს 
მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 
„კანონიერი ქურდია“, ასევე პასუხისგებაში მიეცა 2 „კანონიერი ქურდი“. 
ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 
საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა 
ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - საქართველოს 127 მოქალაქე 
და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“.

კომენტარები