ნარკოტიკი

სხეულით შემოტანილი 160 აბი ნარკოტიკი საზღვარზე - შსს-ს მაღალჩინოსნის დანაშაულებრივი სქემა

flickr.com

სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 26 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე, გოგა გელაშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გელაშვილს თანამზრახველებთან ერთად ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის გეგმა ჰქონდა შემუშავებული. გელაშვილი თანამზრახველებს აფრთხილებდა შესაძლო საფრთხეების შესახებ და გადაადგილებისათვის საჭირო ინფორმაციას აწვდიდა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთერთ წევრს ნარკოტიკი საზღვარზე სხეულით შემოჰქონდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგა გელაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა - გ.ბ.-მ, კ.მ.-მ და ი.ა.-მ ერთად შეიმუშავეს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის გეგმა. ამის შემდეგ, გ.ბ.-მ კ.მ.-ს საზღვარგარეთ ნარკოტიკების შესაძენად თანხა გადასცა და მისი მგზავრობის ხარჯები დაფარა. გ.ბ.-მ გოგა გელაშვილს შესთავაზა და გარკვეულ თანხას დაჰპირდა იმის სანაცვლოდ, რომ გოგა გელაშვილი თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, როგორც პოლიციელი, არანაირ რეაგირებას არ მოახდენდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაზე და მათი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებდა. კერძოდ, გოგა გელაშვილს თანამზრახველების დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მათთვის უნდა მიეწოდებინა უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო ინფორმაცია და სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო მხილების შესახებ გაეფრთხილებინა.

აღნიშნული გეგმის შესაბამისად, კ.მ. 2018 წლის 20 მაისს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გ.ბ.-ს მიერ მიცემული თანხით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც საქართველოში 2018 წლის 25 მაისს, ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სხეულით უკანონოდ შემოიტანა.

სამართალდამცველებმა კ.მ.-ს მიმართ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტთან დაკავშირებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება იმ დღესვე დაიწყეს და ქვეყანაში შემოსვლისთანავე, შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცნობილი გახდა გოგა გელაშვილისთვის, რომელმაც გ.ბ.-ს ინფორმაცია მიაწოდა, რათა კ.მ. გაეფრთხილებინა. თავის მხრივ, პასუხისმგებლობის აცილების მიზნით, გ.ბ. ი.ა.-სთან ერთად, სხვადასხვა გზით შეეცადა კ.ბ.-ს გაფრთხილებას.

მიუხედავად აღნიშნულისა, სამართალდამცველებმა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 25 მაისს, თბილისში, კ. მ.-სგან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი 160 აბი და 25 ნატეხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა 2018 წლის 26 მაისს, დილის საათებში, თბილისში, გოგა გელაშვილის სამსახურებრივი ავტომანქანის ჩხრეკისას, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი სამხედრო საბრძოლო ვაზნა ამოიღეს." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გოგა გელაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. ასევე, ქრთამის აღება, თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემი და სხვა პირის სასარგებლოდ ქმედების განხორციელება და თავის შეკავება ქმედების განხორციელებისაგან. მას გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გოგა გელაშვილის გარდა დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები