უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიაზე: წინასწარი შეფასებებისგან თავს ვიკავებთ

პატრიარქი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის კათედრაზე

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ აუცილებელია კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიათა საბოლოო პოზიციების გაცნობამდე, წინასწარი შეფასებებისგან თავშეკავება.

"უკრაინაში არსებულ რთულ საეკლესიო ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წამოწყებულ ინიციატივას, როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიებს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მათგანის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია.

საერთოდ, ეს თემა არის მეტად სათუთი და, პირველ რიგში, ამ ორ საპატრიარქოს შორის განსახილველი და გადასაწყვეტი.

რა თქმა უნდა, ორივე მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მილიონობით მართლმორწმუნეთა წინაშე, უფრთხილდება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას და ვიმედოვნებთ, ყოველმხრივ შეეცდებიან, მოძებნონ გზები პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისა, რისთვისაც ჩვენც ვლოცულობთ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

კომენტარები