მაკედონია

მაკედონიისათვის სახელის შეცვლის შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა

EPA

დაბალი აქტივობის გამო მაკედონიაში ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ რეფერენდუმი ჩაიშალა.

წინასწარი შედეგების მიხედვით რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის მხოლოდ 36%-მა მიიღო , ხოლო იმისათვის, რომ რეფერენდუმი წარმატებულად ჩაითვალოს სულ მცირე 50%-ია საჭირო.

ქვეყნის პრეზიდენტმა და ნაციონალისტურმა მოძრაობებმა მოსახლეობას მოუწოდეს რეფერენდუმისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნისათვის სახელის შეცვლის შემოთავაზებას და ამის გამო ქვეყნის პრემიერმინისტრმა ზორან ზაევმა პარლამენტს სთხოვა "დაამტკიცოს უმრავლესობის სურვილი", წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით დაიმუქრა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საბერძნეთმა და მაკედონიამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მაკედონიას Severna Makedonija (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) უნდა დაერქვას.

გადაწყვეტილებას მხარი მაკედონიელმა ხალხმა და საბერძნეთის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს.

ქვეყნის სახელის თაობაზე დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1991 წელს მაკედონიამ დამოუკიდებლობაა მოიპოვა. საბერძნეთი ქვეყნის მიერ ამ სახელის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა მაკედონიის მხრიდან საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იგივე სახელწოდების რეგიონზე პრეტენზიის გამოთქმა გამოიწვიოს. მაკედონია მსგავს განზრახვას უარყოფს.

საბერძნეთის პროტესტის გამო 1993 წელს მაკედონია გაეროს "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის" სახელით შეუერთდა. საბერძნეთი მეზობლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსაც ბლოკავდა.

დავის გადაჭრის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ NATO-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებზე მიწვევა მიიღო.

გასულ თვეს მაკედონიაში ვიზიტისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმზ მეტისმა რეფერენდუმში რუსეთის ჩარევი საფრთხეებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვაკვირდებით როგორ ქმნის მაკედონია საკუთარ მომავალს, და ამაში არავინ უნდა ჩაერიოს... ჩვენ არ გვსურს რუსეთმა იგივე გააკეთოს, რაც სხვა ბევრ ქვეყანაში უცდია... ეჭვი არ არის, რომ მათ თანხები გადმორიცხეს და კამპანიებს ატარებენ გავლენის გასავრცელებლად." თქვა მეტისმა.

ივლისში ოფიციალურმა ათენმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, კიდევ ორს კი საბერძნეთში დაბრუნების უფლება არ მისცა. მიზეზად მათი მხრიდან საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ამ უკანასკნელის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობა დასახელდა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს. მათ საპასუხოდ ქვეყნიდან ბერძენი დიპლომატებიც გააძევეს.

კომენტარები