ბახტაძე: ომეგას გადასახადები სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით გადაუვადდა

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ბოლო განმავლობაში "ომეგა ჯგუფს" სახელმწიფომ გადასახადები იმიტომ გადაუვადა, რომ სამუშაო ადგილები შენარჩუნებულიყო.

მამუკა ბახტაძემ ეს განცხადება დღეს, "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მათთვის "მთავარი ფასეულობა გახლავთ დამსაქმებელი".

"ყველა ადამიანი, ვინც თუნდაც ერთს სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ მას სურს ამ საქმიანობის გაგრძელება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება, სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაუდგეს გვერდში. როცა მე ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დავალიანება და შესაბამისად, ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი და მნიშვნელოვანია, რომ 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომლებიც ასეთ პერიოდში დგება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე. თუმცა, როგორ  დააგროვა მან ეს დავალიანება, შეიძლება არსებობდეს ობიექტური კითხვის ნიშნები და პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მაგრამ ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორი მეგობრული და ყოველთვის ძალიან მაღალი მხარდაჭერაა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელის მიმართ, როცა ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე", - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მისთვის პრინციპული საკითხია, რომ "ომეგა ჯგუფის" გადასახადების საქმე და "ყველა სხვა ეპიზოდი" ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.

"ჩემთვის პრინციპული პოზიციაა, რომ გავყოთ ის საკითხი, რისი გაყოფაც პრინციპულად არ სურს როგორც ჩანს ბატონ ოქუაშვილს. ეს არის გადასახადების გადახდის საქმე და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი უპასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი", - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფს" სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადახდას თავს არიდებდა. 

მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. "ომეგა ჯგუფთან" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 30 სექტემბერს კი რუსთავი 2-მა ახალი ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და დაემუქრა. ოქუაშვილის თქმით, ეს "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

კომენტარები