აშშ-რუსეთი

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი: აშშ-ის ფლოტს რუსეთის ბლოკადაში მოქცევა შეუძლია

რაიან ზინკე
bloomberg

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანმა, რაიან ზინკემ ერთ-ერთ ღონიძიებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებს რუსეთის ბლოკადაში მოქცევა შეუძლიათ, რათა მან ევროპის მსგავსად ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსებზე კონტროლი არ გაავრცელოს.

"აშშ-ის საზღვაო ძალებს აქვთ შესაძლებლობა უზუნველყონ, რომ საზღვაო მარშრუტები გახსნილი იყოს და საჭიროების შემთხვევაში [რუსეთის] ბლოკადა მოახდინოს, რათა მათი ენერგორესურსები ბაზარზე არ გავიდეს.

რუსეთს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა აქვს. ჩემი აზრით ისინი ახლო აღმოსავლეთში იმიტომ არიან, რომ სურთ ენერგორესურსებზე შეთანხმებას მიაღწიონ, ისევე როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში იქცევიან." თქვა მან.

ირანის საკითხზე ზინკემ თქვა, რომ სიტუაცია აქაც მსგავსია.

"ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, როგორ უნდა მოექცე ირანს? ორი გზაა. არის სამხედრო გზა, რომელიც არ მირჩევნია. და არის ეკონომიკური გზა. ეკონომიკური გზა ირანთან და რუსეთთან ურთიერთობაში, მეტნაკლებად, უპირატესობების გამოყენება და საწვავის ჩანაცვლებაა. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან აშშ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებელია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ენერგოპროექტებს ეწინააღმდეგება და ხშირად აკრიტიკებს. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ტრამპმა ენერგოუსაფრთხოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულება ქვეყანას ასუსტებს.

"ამიტომ ვულოცავთ პოლონეთის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ, რათა რუსეთზე არ იყვნენ დამოკიდებული. გერმანია სრულად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, თუ კურსს არ შეცვლის." თქვა მან.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, რიკ პერიმ გასულ კვირას კიდევ ერთხელ თქვა, რომ თუ რუსეთის მისი ევროპელი კლიენტებისათვის კარგი მეზობელი არ იქნება, აშშ-ს გაზსადენების წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუძლია.

რუსეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტზე, რომელიც უკვე არსებულ Nord Stream-ის გაზსადენის პროექტს გააფართოვებს და ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინაში გამავალი უკვე არსებული გაზსადენების გვერდის ავლით მიაწოდებს. გაზსადენის პროექტს აშშ, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები აკრიტიკებენ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ოფიციალური ვაშინგტონი პროექტს იმიტომ აკრიტიკებს, რომ საკუთარი ბუნებრივი აირის ექსპორტის ხელშეწყობა სურს.

კომენტარები