ომეგა ჯგუფი

BOG: ომეგას დავალიანება 84 მილიონია, ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მიუღებელია

georgiaabout.files.wordpress.com

საქართველოს ბანკმა ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. საქართველოს ბანკი აღნიშნავს, რომ ზაზა ოქუაშვილის "ომეგა ჯგუფს" მათ წინაშე დავალიანების სახით დაგროვილი აქვს 84 მილიონ ლარზე მეტი, რის გადახდაზეც 2016 წლიდან მოყოლებული კომპანია უარს ამბობს. საქართველოს ბანკი მიუთითებს, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო დავის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მისთვის მიუღებელია.

"სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში - საქართველოს ბანკისთვის მიუღებელია. საქართველოს ბანკი კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას,"- წერია ბანკის განცხადებაში.

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფი" სახელმწიფოს წინაშე დაგროვებულ გადასახადს 2015 წლიდან მოყოლებული არ იხდის. 

დღესვე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კითხვაზე თუ რატომ არ მოიმოქმედა სახელმწიფომ არაფერი, სანამ "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ათეულობით მილიონ ლარამდე გაიზრდებოდა თქვა, რომ ეს მთავრობამ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოტივით გააკეთა.

ამავდროულად, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს TBC ბანკი. ბანკი კატეგორიულად უარყოფს ზაზა ოქუაშვილის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ ბანკმა უკანონო გადარიცხვაში მიიღო მონაწილეობა. 

კომენტარები