არჩევნები 2018

ბაქრაძე: ხელისუფლებაში მოვალთ და ომეგას საქმეს გამოვიძიებთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად 

დღეს ქვეყანაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, როდესაც მთელი უმაღლესი ხელისუფლება ჩართულია კორუფციასა და კორუფციულ სქემებში- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

ბაქრაძე რუსთავ 2-ის მიერ გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. 

ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს სახლმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემას. 

"ვინ უნდა გასცეს ეს პასუხი. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ დღეს ქართული ოცნების ბრიფინგი, მათი პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა საზოგადოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს და დაკარგა არამხოლოდ პოლიტიკური არამედ მორალური უფლებაც კი გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ მოვისმინეთ პასუხი ხელისუფლების, რომელსაც ხათრის გულისთვისაც კი არ უთქვამს რომ გამოიძიებენ ამ საკითხს და დასჯიან დამნაშავეს. მოვისმინეთ აგრესია, ტყუილი და თვითკმაყოფილი ტრაბახი იმ მიღწევებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ვითომ და მოუტანა ქვეყანას ამ 6 წლის განმავლობაში. ამიტომ, სრულიად ნათელია რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს საქმე არ და ვერ იქნება გამოძიებული. არადა, საქმე შეეხება საქართველოს ფუნდამენტურ ინტერესს, ვართ ჩვენ სახელმწიფო, თუ ვართ ჩვენ ქვეყანა სადაც ყველა ინსტიტუტი იმართება არაფორმალურად და მთელი ხელისუფლება ჩართულია კორუფციაში",- ამბობს ბაქრაძე. 

მანვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის პასუხი იქნება 28 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ამომრჩეველმა უარი უნდა თქვას იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა და საქმის გამოძიებასაც არ აპირებს.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც "ევროპული საქართველო" ხელისუფლებაში მოვა, გამოძიება პარტნიორი სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებს გადაეცემათ, რათა პოლიტიკური შურისძიება გამოირიცხოს. 

"ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ არჩევნებში ქართულ ოცნებას, მოვალთ ხელისუფლებაში და გამოვიძიებთ ამ სისტემური კორუფციის და რეკეტის საქმეს და ამას გავაკეთებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რომ გამოძიებას ჰქონდეს სანდოობა და გამოირიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორება",- ამბობს დავით ბაქრაძე.

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას შეურაცხყოფის მიყენებით დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ აღნიშნული მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. 

ოქუაშვილის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და მას მოუყვა აღნიშნულის შესახებ. შემდგომში კი როდესაც ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილისგან შეტყო, ოთარ ფარცხალაძის ხელით ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება. 

ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ყვება, რომ მისი დაშინება ვერ შეძლეს - "მათ ვერ შეძლეს ჩემი დაშინება. რომ ის 4 მილიონი მიგვეტანა. ჩვენზე ამ ზეწოლამ ვერ მოახდინა გავლენა."

თუმცა, ასევე ამბობს, რომ 2016 წელს დაფუძნა კომპანია, რომელსაც იურიდიულად "ომეგა ჯგუფის" მენეჯერები ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველიშვილი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო კომპანიის რეალური მესაკუთრე კი პანამური ოფშორი იყო. ოქუაშვილის თქმით, სწორედ ამ კომპანიას ჩაურიცხა მან 4 მილიონი, რომელიც იმავე დღეს, კანონდარღვევით გადაირიცხა ოფშორის მესაკუთრესთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან. ოქუაშვილის თქმით, ამ გადარიცხვის განხორციელება თიბისი ბანკს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა დააძალეს. 

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ეს კომპანია "შპს ოლიმპუსია", რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. 

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება კიდევ რამდენიმე ფარული ჩანაწერის შესახებ. მათგან ერთერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ქრთამის გადახდას ავალდებულებს და ახსენებს, რომ თანხის ნაწილი უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი. 

საინტერესოა, რომ რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილი ამბობს რომ ლევან ყიფიანი მან თავდაპირველად ივანიშვილთან ურთიერთობაში"ომეგა ჯგუფის" ლობისტად დაიქირავა, რისთვისაც დიდძალ თანხასაც უხდიდა. 

დღეს ამ საკითხზე, ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრას პარტიის თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ზაზა ოქუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწრებზე ისაუბრა და თქვა რომ, ეს ჩანაწერები "გაუგებარია" და პროვოკაციას ისახავს მიზნად. 

კომენტარები