ხორავას ქუჩის საქმე

კალაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი კომისიამაც კი ვერ გაბედა

ქართული ოცნების პრესსამსახური

თბილისის მერის, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივნის კახა კალაძის მტკიცებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ "პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ვერ გაბედა". ამის შესახებ კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდების მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს". 

"ნაციონალურ მოძრაობას აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვებს შორის მომხდარი დანაშაულის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ, სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები ქართულ ოცნებას უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა" - განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა, საუბარია გამოძიების დროს, მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილ აშკარა მიკერძოებაზე. კომისიის რეკომენდაციებია, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო. ასევე, ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურებრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. გარდა ამისა, კომისის რეკომენდაციაა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები.

საგამოძიებო კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს მხარი არ დაუჭირა "ქართულმა ოცნებამ". სანაცვლოდ, მათ მიიღეს დადგენილება, რომელიც არ წარმოადგენდა საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს. 

კომენტარები