იაპონია

იაპონიაში ქალაქ კუმამოტოს ასამბლეიდან პოლიტიკოსი ხველის წამლის წუწნის გამო გააძევეს

Getty Images

იაპონიის ქალაქ კუმამოტოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას იუკა ოგატას თავმჯდომარემ სიტყვა გააწყვეტინა და ჰკითხა ჰქონდა თუ არა მას პირში რამე. ოგატამ თავმჯდომარეს აუხსნა, რომ ხველის წამალს წუწნიდა, რადგან გაციებული იყო და არ სურდა ხშირი ხველის გამო სხდომის მიმდინარეობისათვის ხელი შეეშალა.

სესია დროებით შეწყდა და ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელიც გადაწყვეტდა როგორ უნდა დაესაჯათ იუკა ოგატა. კომიტეტმა ბოდიშის წერილი შეადგინა და ოგატას მისი ხმამაღლა წაკითხვა მოსთხოვა, რაზეც პოლიტიკოსისაგან უარი მიიღო. კომიტეტმა საკითხი ხელახლა განიხილა და ოგატა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. ინციდენტის გამო სესია 8 საათის მანძილზე იყო შეწყვეტილი.

"პასუხიმგებლიანი ზრდასრული ადამიანის მხრიდან მიუღებელია პირში ხველის წამლით კითხვების დასმა. მან უნდა აღიაროს, რომ დამნაშავეა." თქვა კუმამოტოს მერმა.

გასულ წელს იუკა ოგატა ასამბლეის სხდომას შვიდი თვის შვილთან ერთად ესწრებოდა, რამაც მისი კოლეგების პროტესტი გამოიწვია და პოლიტიკოსს მაშინაც დაატოვებინეს დარბაზი.

იუკა ოგატას თქმით მსგავსი გზებით მისი კოლეგები ცდილობენ ხელი შეუშალონ კამპანიაში, რომელიც საბჭოს უფრო ოჯახებზე მორგებულს გახდის.

ოგატა საბჭოს შენობაში ძუძუთი კვების დაშვებას და საბჭოს წევრების შვილებისათვის სპეციალური ცენტრის გახსნას ითხოვდა, სადაც პოლიტიკოსები სამუშაო საათებში მცირეწლოვანი შვილების დატოვებას შეძლებდნენ. ორივე მოთხოვნაზე მას უარი განუცხადეს.

კომენტარები