კორუფცია

ჩხეიძე: ზაზას იმედი ჰქონდა, 2 დღის შექმნილ დაუდგენელ კომპანიას ფულს არ გადაარიცხინებდნენ

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მათ იმედი ჰქონდათ, რომ TBC ბანკი არ დაუშვებდა ახალდაფუძნებული ოფშორული კომპანიის სახელზე დიდი ოდენობით ნაღდი ფულის გადარიცხვას. 

"ზაზას იმის იმედი ჰქონდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ბანკმა ასეთი უკანონობა დაუშვას და ორი დღის შექმნილ კომპანიას ამ გადარიცხვის ნებართვა მისცე. 19 აპრილს შეიქმნდა და ეს ამბავი 21-ში მოხდა, ორი დღის შექმნილ კომპანიას რომელსაც არ აქვს წარმომავლობა, რომელსაც არ აქვს მფლობელის შესახებ დოკუმენტები, გადასცე მილიონები. ამას არც აკეთებდა ბანკი, უკვე საღამოს ბანკის ხელმძღვანელობის ზემოქმედებით გადასცეს ეს თანხა. თანხის გასავლის ორდენში ჩაწერეს სალაროს გამაგრება,"- ტელეკომპანია იბერიას ეთერში თქვა ნატო ჩხეიძემ.

კომპანია, რომელზეც ნატო ჩხეიძე საუბრობს 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნებული შპს "ოლიმპუსია". რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას გადარიცხვამდე ბანკისთვის მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. 

თავისმხრივ TBC ბანკი "ომეგა ჯგუფის" განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. განცხადებაში ბანკი აღნიშნავს, რომ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

"TBC ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. TBC ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.

TBC ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ."

ამასთანავე, განცხადება გაავრცელა საქართველოს ბანკმაც, მათი ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფს" ბანკის წინაშე 84 მილიონი ლარის დავალიანება აქვს დაგროვილი, რომელსაც კომპანია 2016 წლიდან მოყოლებული არ იხდის.

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფი" სახელმწიფოს წინაშე დაგროვებულ გადასახადს 2015 წლიდან მოყოლებული არ იხდის. 

დღესვე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კითხვაზე თუ რატომ არ მოიმოქმედა სახელმწიფომ არაფერი, სანამ "ომეგა ჯგუფის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ათეულობით მილიონ ლარამდე გაიზრდებოდა თქვა, რომ ეს მთავრობამ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოტივით გააკეთა.

კომენტარები