"გახარიამ ცალკე დარეკა, ამან ცალკე დარეკა და გაგიჟდა ბუცხრიკიძე" - R2 ახალ ჩანაწერს ავრცელებს

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე რუსთავი 2 მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერით დასტურდება, რომ TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ ყოფილი ბიზნეომბუდსმენი და ამჟამინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მლნ მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ახალ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ "ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, "ომეგა 2-ის" დირექტორი გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი. 

სავარაუდოდ გიორგი ქურდაძე - გიორგიმაც ხომ დაურეკა მაშინ?

სავარაუდოდ ლევან ყიფიანი - კი, გიორგის რო ვუთხარი, მერე ოთარისაც ვუთხარი და მაგან გამოიწვია, ჩემი გასაკეთებელი თუ იყო ეს საქმეო.

სავარაუდოდ გიორგი ქურდაძე: საბოლოოდ მაინც დაგიმტკიცა.

სავარაუდოდ ლევან ყიფიანი: კი, კი დაურეკა და გადაწყვიტა ეს საქმე.

სავარაუდოდ გიორგი ქურდაძე: გახარიამ არაფერი არ ქნა?

ლევან ყიფიანი: გიორგიმ ცალკე დარეკა, ამან ცალკე დარეკა და გაგიჟდა ეს ბუცხრიკიძე, რომ ყველა მხრიდან ცალკე ის ურეკავდა, ცალკე ეს ურეკავდა.

რუსთავი 2-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ "ეს მომენტია დღეს, როგორც წინა ხელისუფლებას ჰყავდა ამხევები, მომავალ ხელისუფლებასაც ეყოლება ეგეთი ხალხი, დროებით რო გადაწყვიტოს რაღაც პრობლემები. ამ ხალხთან კაი ურთიერთობის დაჭერა ჯობია თუ ავიღოთ იარაღი და აბრაგად უნდა გავიდეთ რა.“

ომეგა 2-ის დირექტორი გიორგი ქურდაძე რუსთავი 2-თან საუბარში ყვება, რომ იმედი ჰქონდათ, ახალშექმნილი კომპანიის გამო, TBC ბანკი მათ თანხის გატანის საშუალებას არ მისცემდა.

"კომპანია დარეგისტრირდა 19-ში. 20-ში თანხა იყო უკვე ანგარიშზე და 21-ში მივედით ბანკში გამოსატანად ამ თანხის, ეს იყო მილიონები, რა თქმა უნდა, დოლარში. ნუ, საერთოდ, როცა კომპანია იხსნება, პირველი სამი თვე ის აუცილებლად ხვდება მონიტორინგის მკაცრ ჩარჩოებში იმიტომ, რომ რა თანხები მოძრაობს, რა კომპანიაა, რას აწარმოებს, საიდან მოდის, საიდან მიდის, ამ ყველაფრის კონტროლირება ხდება, განსაკუთრებით ახალგახსნილ კომპანიაზე. იმედი გვქონდა, რომ თანხა იქნებოდა, მაგრამ იმ თანხას ვერ გამოვიტანდით“ - თქვა ქურდაძემ.

მისივე ცნობით, სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის" ყოფილი კონსულტანტი ლევან ყიფიანი ბანკში მათთან ერთად იმყოფებოდა და ძალიან ნერვიულობდა.

„ლევანი ძალიან ნერვიულობდა მაშინ, დარბოდა, რეკავდა. უნდოდა, რომ დაერეგულირებინა ეს საკითხი, რომ ფულის გამოტანა მომხდარიყო. პასუხი არ მოდიოდა. რომ გახდა უკვე 18:00 საათი, ჩვენ გაგვიხარდა, რომ ვერ გამოვიტანდით ამ თანხას ვერანაირად. შვიდის ნახევარზე დავინახეთ, რომ შემოვიდა ბანკში ხაზარაძეც, ბუცხრიკიძეც და მესამე თანმხლები პირი, რომელსაც ვერ ვცნობ დღეს და არც მაშინ, ჩემთვის უცნობი პირი იყო,“ - განაცხადა ქურდაძემ და აღნიშნა, რომ ბანკი ზეწოლის ქვეშ იყო.

"თქვა კიდევაც ბუცხრიკიძე ვახტანგმა, რატომ იძახის ახლა, რომ არ ახსოვს თუ რა ხდება, რომ ის არღვევდა ყველანაირ წესს, კანონს და დაასახელა კიდევაც ის ყველაფერი, რა პრობლემებიც მას შეიძლება შექმნოდა, იმიტომ, რომ ის ამას აკეთებდა. არ ვიცი, მაშინ ალალად გვითხრა და ახლა არ ვიცი, ვერ გეტყვით მის პოზიციას,“ - უთხრა ქურდაძემ რუსთავი 2-ს.

კომპანია, რომელზეც ომეგა ჯგუფი საუბრობს, 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნებული შპს "ოლიმპუსია". რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტსია. კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას გადარიცხვამდე ბანკისთვის მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. 

თავის მხრივ TBC ბანკი "ომეგა ჯგუფის" განცხადებებს კატეგორიულად ემიჯნება. განცხადებაში ბანკი აღნიშნავს, რომ ისინი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. 

"ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. TBC ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება" - აცხადებს TBC.

პარალელურად, მთავრობა "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანას გეგმავს. 28 სექტემბერს შემოსავლების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მათ ბიუჯეტის წინაშე არსებული 50-მილიონიანი დავალიანების დასაფარად "ომეგა ჯგუფის" ქონების აუქციონზე გატანის უფლებას აძლევს.

კომენტარები