ფინანსები

სები ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% ქალი უნდა იყოს

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით, ქვეყნის საფინანსო სექტორს ახალი ვალდებულების დაკმაყოფილება მოუწევს - ეს გენდერული კვოტების მოთხოვნაა.

კომერციული ბანკების კორპორატიული მართვის კოდექსის მიხედვით, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 20% უნდა შედგებოდეს ქალებისგან. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ბანკებს ვადა 2019 წლის ბოლომდე მიეცათ.

"ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან,"- წერია ბრძანების მეხუთე მუხლის მერვე პუნქტში.

2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოში ქალები 9 პროცენტს, ხოლო დირექტორთა საბჭოში 16 პროცენტს წარმოადგენენ.

გენდერული კვოტები საფინანსო სექტორში - საერთაშორისო გამოცდილება

2006 წელს ნორვეგიამ კომპანიების, მათ შორის ფინანსური ორგანიზაციების, დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში ქალებისათვის 40 პროცენტიანი კვოტა დააწესა. ანალოგიური კანონი მიიღო საფრანგეთის პარლამენტმაც, რომელმაც 2016 წლისათვის ფრანგული კომპანიები დირექტორთა საბჭოების შემადგენლობაში ქალთა მინიმუმ 40 პროცენტამდე გაზრდით დაავალდებულა.

საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, გერმანიაში მიღებული კანონმდებლობით 2015 წლიდან საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული 108 კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოების შემადგენლობაში ქალებისათვის მინიმუმ 30 პროცენტიანი კვოტა განისაზღვრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები