წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ფარცხალაძემ და ყიფიანმა ივანიშვილის სახელი გამოიყენეს

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ან/და სპორტის ექსმინისტრმა ლევან ყიფიანმა ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახელი გამოიყენეს. წულუკიანმა პირველ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 2016 წლის აპრილში არც ოთარ ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი და არც ლევან ყიფიანი - მინისტრი.

"შესაბამისად, ეს ადამიანები, როგორც ერთერთ ჩანაწერში (თუ დავიჯერებთ რომ ეს მართლა ბატონი ლევანის სიტყვებია) ამბობს - კაცურობაში თუ კაცებს შორის ურთიერთობაში რაღაცეები ხდებაო, მე ძალიან არ მაინტერესებს, რა ხდება კაცებს შორის ურთიერთობაში, მთავარია, რომ ეს არ გაცდეს კანონს.

მაგრამ მთავარი და ფაქტი ისაა, რასაც გამოძიება არ სჭირდება, რომ არც ფარცხალაძეა ამ დროს მთავარი პროკურორი და არც ლევან ყიფიანია მინისტრი. ამიტომ, ამ ორ კაცს შორის, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, დაარღვიეს ერთმანეთის უფლებები, გამოიყენეს სხვისი სახელი იმისთვის, რომ რაღაცა მიზნისთვის მოიეღწიათ, ეს არის კითხვები... მე არ გამოვრიცხავ [რომ სხვისი სახელი გამოიყენეს], ამიტომაც ვახსენე, ეს ყველაფერი არის კითხვა ჩემთვის და ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი" - განაცხადა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. 

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ზაზა ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუყვა ამის შესახებ. შემდგომში კი, როცა ივანიშვილმა ეს ინფორმაცია კვირიკაშვილისგან გაიგო, მან ოთარ ფარცხალაძის ხელით ლევან ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

"ოთარ ფარცხალაძე მხვდება საბურთალოს ბაზართან, სახლში. შეხვედრა მოითხოვა. მთხოვა შეხვედრა ჩხარტიშვილმა. ინგლისში შემხვდა ჩხარტიშვილი და მითხრა, რომ შევხვედროდი ფარცხალაძეს. ასე თქვა, კარგი ბიჭი მუშაობს პროკურატურაშიო. შევხვდი, იქ იყვნენ შეიარაღებულებიც, სავარაუდოდ ნარკოტიკების თრობის ქვეშ. ჩემი შთაბეჭდილებით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მან თქვა, რომ იხსნებოდა ჩემთვის ცისარტყელა, ოცნების ცისარტყელა და ამით ბევრი საქმე მეკეთებინა და ეს ცისარტყელა იყო საჭირო, ამ ცისარტყელას გახსნისთვის კიდევ 4 მილიონი, რომ გაეცათ ზარალი, რომელიც იყო 2004 წლიდან წლების განმავლობაში. ვუთხარი, რომ არ მესმის ეს. ვერ ვიტყვი, რომ იქ მკვეთრი უარი მეთქვას. ვუთხარი, რომ მე პირადად ბიძანასთან ვსაუბრობ. ვუთხარი, რომ ბიძინას ვესაუბრები. მქონდა ბიძინასთან საუბარი. მითხრა - აბა, ზაზა, ვისგან მოვდივარ? მე შენთან მოვიდოდიო? ვუთხარი, რომ ეს ბიძინასგან დამალული არ უნდა ყოფილიყო და დავშორდი,"- ამბობს ოქუაშვილი. 

კომენტარები