თბილისობა

თბილისობის ღონისძიებები წელს ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება

თბილისის მერია

თბილისობა 2018-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თქვა, ღონისძიებები თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში გაიმართება.

"ღონისძიებები, რომელიც თბილისობა 2018-ის აღსანიშნავად დედაქალაქში 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება, საკმაოდ დატვირთული იქნება. 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე შედგება "თბილისური ვოდევილის" პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები ყველა იმ ეთნოსითა და ნიუანსით, რომელიც თბილისს ახასიათებს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. "თბილისობის" დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი იქნება "გვიდირიჟორე". სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს", - თქვა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 7 ოქტომბერს, კონკას მიმდებარე სკვერში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და "ქართული ხმების" კონცერტი გაიმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გალა-კონცერტი იქნება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.

"კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს. ასევე, რიყის პარკში მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების ინსტალაცია, რომლის გარშემოც სხვადასხვა კულინარიული კუთხეები განთავსდება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამიტომ, მივმართავ ყველას, ვისაც გაუხარდება, მოვიდეს, მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები და "თბილისობა" ერთად ვიზეიმოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, ამიერიდან, თბილისობის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათ-კვირა დამკვიდრდება. წელს თბილისობა 6-7 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები