ლიცენზირებული ტაქსები

10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მძღოლები ქიმიური წმენდის ვაუჩერებს მიიღებენ

თეთრი ტაქსები
flickr.com

"10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს ქიმიური წმენდის ვაუჩერები გადაეცემათ." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ტაქსის მფლობელებს აღნიშნულ ვაუჩერებს გადასცემს კომპანია, რომელიც დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს დააფინანსებს და სალონის ქიმიურ წმენდას ჩაატარებს.

„ტაქსების ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება დიდია. შესაბამისად, გვაქვს სიახლე, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნაზეა მორგებული. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს, რომელთაც ასევე, გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები გადაეცემათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება არცერთი ლარი. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს დააფინანსებს და სალონის ქიმიურ წმენდას ჩაატარებს“, - თქვა დედაქალაქის მერმა. 

თბილისის მერმა დღეს იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ლიცენზირებული ტაქსების მძღოლებს ავტომობილის თეთრად შესაღებად სპეციალური ვაუჩერებიც დაურიგდებათ.

ტაქსების თეთრად გადაღებვა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო.

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

კომენტარები