თანასწორობის მოძრაობა

NGO-ები შსს-ს: უზრუნველყავით ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისა და მუქარის ეფექტიანი გამოძიება

agora.ge

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები თბილისში, ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით ძალადობისა და მუქარის ფაქტზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. ისინი სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, NGO-ები შსს-ს და პრკურატურას მიმართავენ, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოაგვარონ "თანასწორობის მოძრაობის" საქმიანობის გაგრძელების კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა.

ორგანიზაციები საუბრობენ 28 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის დეტალებზე. მათი ინფორმაციით, "თანასწორობის მოძრაობის" ოფისში მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. ისინი თამბაქოს მოწევის მიზნით გადიოდნენ ორგანიზაციის ოფისის ეზოში. განცხადებაში წერია, რომ ამ ეზოში კიდევ ერთი სახლი მდებარეობს, რომელში მცხოვრებმა ქალმაც 22:00-22:30 საათის შუალედში ყვირილით და აგრესიული დამოკიდებულებით მიმართა ეზოში მყოფ სტუმრებს. ორგანიზაციების ინფორმაციით, მისი გაღიზიანება სტუმრების საუბრის ხმამ გამოიწვია.

"იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ემუქრებოდა ოფისის წინ მყოფ ადამიანებს შემდეგი ფრაზების გამოყენებით: "გადაგასახლებთ აქედან", "ნახეთ რა ბედს გაწევთ". აღნიშნული ინციდენტი იმწუთიერად ამოიწურა "თანასწორობის მოძრაობის" გადაწყვეტილებით. კერძოდ, დასრულდა ღონისძიება და ორგანიზაციის თანამშრომლებმა სტუმრებს სთხოვეს ოფისის დატოვება. სტუმრების უდიდესმა ნაწილმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დატოვა ორგანიზაციის ტერიტორია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციების ინფორმაციით, დაახლოებით 23:00 საათისთვის ოფისში დარჩენილი იყო რამდენიმე თანამშრომელი და სტუმარი. მათგან ოთხი ადამიანი ოფისის წინ, ქუჩაში იმყოფებოდა და ტაქსის ელოდებოდა, ხოლო ოთხმა ეზოს მხარეს არსებული კარი ჩაკეტა და ამავე ეზოს გავლით აპირებდა ქუჩაში გასვლას, როცა მათი მიმართულებით მეზობელ სახლში მცხოვრები მამაკაცი დაიძრა.

"მიიჭრა სიტყვიერი შეურაცხყოფით და მიახლოებისას, ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა. თავდამსხმელმა ვ.კ.-ს ყელში მოუჭირა ხელი დახრჩობის მიზნით, რაც, რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ პროცესში თავდამსხმელი იგინებოდა და იყენებდა ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა, "დაგხოცავთ თქვე ქათმებო", "ვინც თქვენ უფლებები მოგცათ" და ა.შ. მოულოდნელად თავდამსხმელი გაიქცა სახლისკენ გარკვეული ნივთის ასაღებად. ამ ვითარებას შეესწრო მ.კ., რომელიც ქუჩაში, ჭიშკრის მეორე მხარეს იმყოფებოდა და ცდილობდა და ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე., ა.უ-ს დახმარებას, თუმცა ჭიშკრის გაღებას ვერ ახერხებდა. მ.კ.-მ მობილური ტელეფონით გადაიღო ამ ვითარების ამსახველი ვიდეო. მანამ, სანამ თავდამსხმელი სახლში იყო შესული, მოხერხდა ვ.კ., რ.კ.წ., თ.ე. და ა.უ.-ს ეზოდან ქუჩაში გამოყვანა. ამის შემდეგ თავდამსხმელი სახლიდან ეზოს გავლით ქუჩაში გამოვიდა, აგრძელებდა ყვირილს და მიიწევდა მანქანიდან გარკვეული საგნის ასაღებად, რომელსაც ის დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მიზანთან კონტექსტში იხსენიებდა. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ცდილობდნენ მის შეკავებას. ადგილზე მყოფ თემის წევრებსა და აქტივისტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ თავდამსხმელი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და მის გამოყენებას აპირებდა. განცდილი შიშის გამო, ისინი ამოეფარნენ მანქანებს და მიმდებარე ქუჩებზე მიმოიფანტნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ ინციდენტის მეორე დღეს შსს-ს განცხადებაში მომხდარი ორმხრივ დაპირისპირებად შეფასდა.

"შსს-ს მიერ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის ორმხრივ დაპირისპირებად შეფასება, სადაც აგრესორი და მსხვერპლი თანასწორ მხარეებად არიან წარმოჩენილნი, აცდენილია მსგავსი ტიპის ძალადობის სწორ სამართლებრივ და სოციალურ ხედვას და სამართალდამცავი ორგანოების მიკერძოებულობის მიმართ ეჭვებს წარმოშობს. სამინისტროს მხრიდან გამოძიების პირველივე დღეებში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, მსგავსი განცხადების გაკეთება მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას არსებითად ამცირებს", - ამბობენ ისინი.

გარდა ამისა, მათი განცხადებით, შემთხვევის ადგილზე მოპოლიზებული პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ექიმების მხრიდან გულგრილობა გამოვლინდა, რაც პოლიციისა და გამოძიების მიმართ ნდობაზე ნეგატიურად აისახება.

"როგორც ადგილზე მყოფი მოწმეები იხსენებენ, პატრულის თანამშრომლები აგრესიულად ესაუბრებოდნენ ნაცემ მსხვერპლებს, ხოლო სასწრაფოს ექიმები არ აფიქსირებდნენ მიყენებულ დაზიანებებს. ასევე, "თანასწორობის მოძრაობის" ერთ-ერთ თანამშრომელს მეზობლებმა პოლიციის თვალწინ აგინეს და საუბრობდნენ, რომ "პიდარასტებს" მათ უბანში არ გააჩერებდნენ, რაზეც პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია. მსგავსი მიდგომა პოლიციის მხრიდან ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის პრაქტიკის გამოვლინებაა, სადაც პოლიცია მსხვერპლის დაცვის ინტერესის იგნორირებით ან ნეგატიური რიტორიკით რეალურად იმეორებს და აძლიერებს მოძალად(ეები)ის მიერ გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს", - აღნიშნავენ NGO-ები.

მათივე თქმით, პრობლემურია დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც. საქმე იმაშია, რომ ამ ეტაპზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქმეში იკვეთება სიცოცხლის მოსპობის მუქარაც, რომელმაც დაზარალებულებსა და მოწმეებში მისი განხორციელების საფუძვლიანი და რეალური შიში წარმოშვა. NGO-ები ამბობენ, რომ ეს ასპექტი გამოძიების მიერ იგნორირებულია. 

გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ კი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვების შინაარსი ცალსახად მიუთითებს ჰომოფობიურ მოტივზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის მიხედვით, დამამძიმებელი გარემოებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მისი იდენტიფიცირება საქმის შესწავლის საწყის ეტაპზევე კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების უზრუნველყოფისათვის.

NGO-ები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მოძალადე პირი ამ დრომდე არ არის დაკავებული და ძალადობისა და სიტუაციის ესკალაციის რისკების არსებობის გამო "თანასწორობის მოძრაობის" ოფისი დაკეტილია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებულ რეფორმებს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა, ცალსახაა, რომ პოლიციის სისტემა კვლავ არ არის მზად ჯეროვანი გულისხმიერებით რეაგირებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და მისი მუშაობა კვლავ ფრაგმენტული და ინციდენტებზე ორიენტირებული რჩება. შსს-ს მიერ 29 სექტემბერს გაკეთებული განცხადება მსგავსი დანაშაულების გაგების პრობლემას საგამოძიებო უწყებაში ასევე მკვეთრად წარმოაჩენს", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე თქმით, დისკრიმინაციული დანაშაულების სოციალური ბუნებისა და სპეციფიკური კონტექსტის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოების და მთავრობის პრევენციული პოლიტიკა კვლავ სუსტი და არასისტემური რჩება, რაც მსგავსი ძალადობის აღკვეთის შესაძლებლობას ართულებს.  

"ცხადია, არსებული არაეფექტიანი პოლიტიკა და სამართალდამცავ სისტემაში ჰომოფობიური პრაქტიკისა და კულტურის პრობლემა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს", - აღნიშნავენ NGO-ები.

ისინი საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ:

უზრუნველყონ კერძო პირების მხრიდან "თანასწორობის მოძრაობის" აქტივისტების ცემისა და მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მსხვერპლებისათვის დაზარალებულის სტატუსის დროული მინიჭება, დანაშაულებრივი ქმედების სათანადო კვალიფიკაციის გამოყენება, ასევე, ჰომოფობიური სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ნათლად ასახვა.

საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოახდინონ გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება.

უზრუნველყონ დროული და ადეკვატური პრევენციული ზომების გამოყენება, რათა არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობას" მიეცეს მისი საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა.

დღეს გავრცელებულ განცხადებას ხელს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის:

  • თანასწორობის მოძრაობა – Equality Movement
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  – EMC
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI
  • მედიის განვითარების ფონდი – MDF
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი – Article 42 of the Constitution
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის – PHR
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI
  • საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები – GYG

ლგბტ აქტივისტებს "თანასწორობის მოძრაობის" ოფისთან თავს 28 ოქტომბერს დაესხნენ და სცემეს. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ მომხდარს დაპირისპირება უწოდა და აღნიშნა, რომ გ.ფ.-მ და ლგბტ აქტივისტებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის - 1952 წელს დაბადებულ ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც 
აღნიშნული ქალის ნათესავი - 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, 
ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს - ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა 
და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს 
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა", - აღნიშნავს შსს.

გუშინ, 1 ოქტომბერს კი "თანასწორობის მოძრაობამ" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, თავდამსხმელი მეზობლების მხრიდან მომატებული საფრთხის გამო, თანამშრომლებისა და ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, ორგანიზაციის ოფისი დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემამდე დაკეტილი იქნება.

კომენტარები