ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

იბერია

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურამ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე 4 ოქტომბერს დაიბარა. საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ოქუაშვილის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.

"სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, 2018 წლის 14 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილის ადვოკატმა პროკურატურას განუმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სექტემბრის ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდებოდა გამოკითხვაზე.

ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთიდამფუძნებელი.

ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის საქმეს" - აცხადებს პროკურატურა და განმარტავს, რომ გამოძიების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს. ერთ-ერთ ჩანაწერში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი, გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

ამის გარდა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის თქმით, ქრთამის გადახდა მას თავდაპირველად ოთარ ფარცხალაძემ მოსთხოვა, რის შემდეგაც ზაზა ოქუაშვილმა ლევან ყიფიანს სთხოვა გაეგო, მოქმედებდა თუ არა ფარცხალაძე ივანიშვილის დავალებით. ოქუაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ყიფიანი პირდაპირ ივანიშვილთან მისულიყო, ის მაშინდელ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუყვა ამის შესახებ. შემდგომში კი, როცა ივანიშვილმა ეს ინფორმაცია კვირიკაშვილისგან გაიგო, მან ოთარ ფარცხალაძის ხელით ლევან ყიფიანის დასჯა გადაწყვიტა. 

გუშინ რუსთავი 2-მა კიდევ ორი აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ერთში, სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ყოფილ პროკურორს შეაგინა, თავად ექსმინისტრი კი, საუბრის მიხედვით, სისხლიანია. მეორე ჩანაწერში 4 მილიონზეა საუბარი, რომელიც ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, მას ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით გადაარიცხვინა. ჩანაწერის მიხედვით, თანხის გადარიცხვის დასაჩქარებლად TBC ბანკში მაშინდელმა ბიზნეომბუდსმენმა გიორგი გახარიამაც დარეკა.

გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

კომენტარები