საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების სამსახური კვლავ შსს-ს შემადგენლობაში იქნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს საქმიანობას.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობის სხდომაზე დღეს შსს-მ წარადგინა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, რასაც, პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსი.

ცვლილება "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" და მის თანმდევ 36 კანონში. შედეგად, 2019 წლის 1 იანვრიდან პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩამოყალიბდება შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერმინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა უცვლელი რჩება, მათ შორის მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.

საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის შუამდგომლობის შემდეგ პარლამენტი განიხილავს.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გამოეყო და პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა.

კომენტარები