ლევან ყიფიანის საქმე

ყიფიანი: გამოვალ და ყველაფერს მოგახსენებთ, იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ

ტაბულა

სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ თქვა: 

"გამოვალ და ყველაფერს მოგახსენებთ. იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ". 

მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყიფიანი გეგმავს, სასამართლოს მნიშნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, ყიფიანი ფიქრობს, რომ ოქუაშვილის ინტერვიუმდე გავრცელებული ჩანაწერები ნაწილობრივ დამონტაჟებულია. 

"საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად ახალ გარემოებებს ხსენებულ ჩანაწერებთან და საქმესთან დაკავშირებით

ის ნაწილი რომელიც ადრე იყო გავრცელებული, ჩვენ ვფიქრობთ და მას მიაჩნია, რომ იყო მონტაჟი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩანაწერი როდესაც იყო, ანუ სანამ ინტერვიუს მისცემდა ბატონი ოქრუაშვილი. ამ ჩანაწერებში არის გარკვეული მონტაჟი, ამოჭრილი, გადაკეთებული და იმედი გვაქვს, ექსპერტიზა ამას დაადგენს", - ამბობს ხაჭაპურიძე. 

მისივე თქმით, ყიფიანი ადასტურებს, რომ შეხვედრებს ესწრებოდა და მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა. 

"რა თქმა უნდა 3 წლის განმავლობაში, იგი მუშაობდა ოფიციალურად. ხელშეკრულება დადებულია, სადაც მითითებულია, რომ ის ვალდებული იყო, რომ ეწარმოებინა მოლაპარაკებები როგორც კერძო, ფიზიკურ, ისე სახელმწიფო დაწესებულებებთან ამ კომპანიასთან წარმოშობილ გარკვეულ პრობლემებთან, იქნებოდა ეს ფინანსური თუ არა ფინანსური, მისი მოვალეობა გახლდათ ეს.

მისი ხმა ისმის ამ ჩანაწერებში, თუმცა რაც მონტაჟია გაკეთებული, შეცვლილია გარკვეული კონტექსტები. ეს ჩანაწერები სხვადასხვა პერიოდშია გაკეთებული. მაგალითად, სკაიპით ჩანაწერი, რაც ბოლოს მოვისმინე 2, წლის წინ არის გაკეთებული". 

ადვოკატისვე თქმით, ყიფიანს ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

"ფარცხალაძესთან მას ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. ყველა ამ დეტალებზე, მათ შორის სარდაფის ეპიზოდზე თავად გააკეთებს კომენტარს. ჩვენებასაც მისცემს. ასევე ხვალ/ზეგ ვგეგმავთ პრესკონფერენციას სადაც იქნებიან მოწვეული ტელევიზიის წარმომადგენლები". 

ლევან ყიფიანმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს გზით მისცემს. გამოძიებას მასთან კითხვები ომეგა ჯგუფის საქმესთან და ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან აქვს. 

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით: 

ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს. 24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. გავრცელებული აუდიო ჩანაწერები ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის. 

ზაზა ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანი "მის დირექტორებს და მენეჯერების აშანტაჟებდა", ასევე, რ2-ის ინფორმაციით, ყოფილმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და "მისმა ხალხმა" ყიფიანი გაიტაცა, სადრაფში ჩააგდო, გააშიშვლა და სცემა. 

კომენტარები