ომეგა ჯგუფის საქმე

ეროვნული ბანკი TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციას სწავლობს

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნული ბანკმა TBC ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ ოპერაციას სწავლობენ. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას „თიბისი ბანკიდან“ უცხოურ ვალუტაში გატანილი თანხის შესახებ. ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკიდან გაცემული თანხა "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

"თიბისი ბანკიდან“ თანხის გატანის პერიოდში კომერციულ ბანკს ეროვნული ბანკის საცავიდან უცხოური ვალუტის ინკასირება არ განუხორციელებია.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ოპერაციების განხორციელების პროცესში კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დაიცვან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პროცედურები და მოთხოვნები.

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული მასალები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას საჯაროდ ისაუბროს ტრანზაქციის დეტალებთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ/განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით,"- წერია სების განცხადებაში. 

ზაზა ოქუაშვილის მიერ 2016 წლის 19 აპრილს დაფუძნებული კომპანია შპს ოლიმპუსის ანგარიშიდან 2016 წლის აპრილში 4 მილიონი ლარი გაიტანეს. რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, თანხის გატანაში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა. 

თავად ოქუაშვილის თქმით, TBC ბანკმა ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით, არასამუშაო საათებში განახორციელა, ამასთანავე ბანკს არ ჰქონდა კომპანიის მფლობელების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტები, რადგანაც შპს ოლიმპუსი პანამური ოფშორის შვილობილი კომპანია იყო. ოქუაშვილის თქმით, TBC ბანკს ამ გადარიცხვის განხორციელება გიორგი გახარიამ და ოთარ ფარცხალაძემ აიძულეს. 

ოქუაშვილის ამ განცხადებას უარყოფს TBC-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ბანკის ცენტრალური ფილიალი ბიზნესის მომსახურებას 18:00-ზე არ ასრულებს, ხოლო გადარიცხვის განხორციელების დროს კი კომპანიის მფლობელობის შესახებ დოკუმენტები მათთვის ხელმისაწვდომი იყო.

 

კომენტარები