ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადება

NGO-ები: ვგმობთ ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას, რომელიც ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას

არასამთავრობო ორგანიზაციები

"ვგმობთ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას." - არასამთავრობო ორგანიზაციები ზურაბიშვილის მიერ 2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ასევე ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას. 

"განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს, კერძოდ: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია. ჯანსაღი საარჩევო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მიგვაჩნია, რომ წინაასაარჩევნო კამპანია უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს." - წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ეწევა აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მოუწოდებენ ცესკოს, შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას კი მოუწოდებენ პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

"აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირველი რასისტული და  ქსენოფობიური შინაარსის  განცხადება.  2013 წლის 31 იანვარს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მან ჩინელებთან დაკავშირებით დაწერა: “ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ". ერთ-ერთ  განცხადებაში კი განაცხადა, რომ უცხოელებმა "ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი." - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI

მედიის განვითარების ფონდი - MDF

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI

საფარი

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD

თანასწორობის მოძრაობა

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი - CSEM

მედია კლუბი

შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 

კომენტარები