არჩევნები 2018

ქუცნაშვილი ტაბულას: ნუ მაიძულებთ გამოვხატო სიმპათია ან ანტიპათია ზურაბიშვილის მიმართ

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობი წევრი "ქართული ოცნებიდან", ზაქარია ქუცნაშვილი ტაბულას კითხვას - უჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, პასუხობს, რომ ეს მისი საქმეა.

"ეს ჩემი პირადი საქმეა. არ გაქვთ ჩემი იძულების უფლება გამოვხატო სიმპათია ან ანტიპათია მოქალაქეების მიმართ. მე ხო არ გეკითხებით თქვენ ვინ გიყვართ ან არ გიყვართ? იმიტომ რომ ვიცი, ამის უფლება არ მაქვს", - უთხრა მან ტაბულას.

კითხვას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკური გუნდი, რომლის წევრიც ის არის, ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს, ქუცნაშვილი პასუხობს

"მე ასე არ დავსვამდი საკითხს. ჩემი უფლებაა ვის მივცემ ხმას და ვის არა. სხვა არავის უფლება არ არის".

ტაბულა ზაქარია ქუცნაშვილს თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე კომენტარისთვის დაუკავშირდა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს უთხრა, რომ ერთმა პრეზიდენტმა თურქებს მისცა მოქალაქეობა, მათ კი არა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ეთნიკური შუღლის გაღვივება არ არის და ფაქტის კონსტატაციაა. კითხვას, ცდილობს თუ არა ზურაბიშვილი მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების გაღვივებასა და გამოყენებას საარჩევნო კამპანიისას, ზაქარია ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ მისი შტაბის წევრი არ არის და ვერ იტყვის რა განცხადებებს აკეთებს საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. სწორედ ამას მოჰყვა ტაბულას კითხვა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს ღიად უჭერს მხარს. გუნდის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებშიც მონაწილეობენ.

კომენტარები