არჩევნები 2018

ბიძინა ივანიშვილის ძმამ სალომე ზურაბიშვილს 45,000 ლარი შესწირა

ქართული ოცნების პრესსამსახური

ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბრის პირველ სამ დღეში 1,056,000 ლარის შემოწირულობა მიიღო. ეს ზურაბიშვილის მიერ მთელი სექტემბრის განმავლობაში მიღებულ შემოწირულობას სამჯერ აღემატება. უმსხვილეს შემომწირველთა შორისაა საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილიც.

ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45,000 ლარი გადაურიცხა. რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ივანიშვილი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებდა. ფარულ ჩანაწერში ის "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს საქართველოში chevrolet-ის მარკის ავტომობილების იმპორტის ბიზნესის წილში ჩასმას სთხოვდა. 

სალომე ზურაბიშვილმა ფულადი შემოწირულობა ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და თბილისის მერისგან კახა კალაძისგანაც მიიღო. მილიონერმა პოლიტიკოსმა ზურაბიშვილის კამპანიას 50,000 ლარი გადაურიცხა.

ზურაბიშვილის შემომწირველთა სია 

სექტემბერში კამპანიის - "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" - ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა 30 თეთრის შემოწირულობა 84 ფიზიკური პირისგან მიიღო, რაც ჯამში 25 ლარი და 20 თეთრია. ზურაბიშვილმა ერთერთი მოქალაქისგან შემოწირულობის სახით 10 თეთრიც მიიღო.

კომენტარები