არჩევნები 2018

ხაბელოვი ზურაბიშვილის შუღლის გამღვივებელ განცხადებაზე: ცოტა არ იყოს, მიუღებელია

SOK.GE

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება "ცოტა არ იყოს, მიუღებელია".

საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებაზე, სადაც ის ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ეუბნება, რომ პრეზიდენტმა "თურქებს მისცა მოქალაქეობა" და მათ არა.

"არ ვიცი რა განცხადება გააკეთა, თქვენგან მესმის. მე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვისმენ ხოლმე, პირდაპირ გეტყვით. საუბარი იმაზე, რომ თურქებს მისცა და მე არ მომცა, ცოტა არ იყოს ეგეთი განცხადება მიუღებელია. საერთოდ რომ არ ეთქვა, უკეთესი იქნებოდა", - აღნიშნავს ლერიხაბელოვი.

ტაბულას კითხვას, ცდილობს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობაში ანტითურქული განწყობების გაღვივებასა და გამოყენებას საარჩევნო კამპანიისას, ლერი ხაბელოვი პასუხობს, რომ ამ თემებზე მოზომილად საუბარია საჭირო.

"მე ცოტა სხვა შეხედულების ვარ, მაგ თემაზე ძალიან მოზომილი საუბარია საჭირო და რომელიმე ნაციის მიმართ რაღაც გამონათქვამები არ მიმაჩნია სწორად. მე საერთოდ ეგეთ გამონათქვამებს ვემიჯნები და ვფიქრობ, რომ არ უნდა იჩქაროს პოლიტიკოსმა და ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს. ვემიჯნები შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, დამცირებას, ერთი ან მეორე ეთნოსის წინ დაყენებას და მაღალ ხარისხში აყვანას", - ამბობს დეპუტატი ტაბულასთან.

ტაბულა დაინტერესდა, უჭერს თუ არა ლერი ხაბელოვი მხარს მისი გუნდის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს. ის ამბობს, რომ ეს მისი საქმეა.

"გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მეც იმ ადამიანებში ვარ, ვისაც მიაჩნდა, რომ ჩვენი კანდიდატი უნდა გვყოლოდა. დავუჭერ თუ არა მხარს პირადად, ეს უკვე ჩემი საქმეა, რომ მივალ საარჩევნო ურნასთან", - აღნიშნავს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა:

"ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა".

კომენტარები