ფონდ იავნანას საქმე

პროკურატურა: ფონდ იავნანას შემოწირულობების მხოლოდ 30% ხმარდებოდა ქველმოქმედებას

0 კომენტარი
ფოტო: pia.ge

პაატა ბურჭულაძის ცოლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიზანია დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ. განცხადებაში წერია, რომ ბურჭულაძისა და მისი ცოლის მგზავრობაში ფონდის ფულიდან 700 000 ლარი დაიხარჯა, მაშინ როცა ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში დაუდგენელია.

"ამ ეტაპზე გამოძიება სწავლობს სამ ძირითად მიმართულებას:

პირველი ეპიზოდი შეეხება პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას. 
მეორე ეპიზოდი ეხება საქართველოში პაატა ბურჭულაძის სასარგებლოდ გაწეულ სასტუმრო მომსახურების ხარჯებს. დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო პაატა ბურჭულაძის სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა პაატა ბურჭულაძის ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მითუმეტეს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს - კეთილმოწყობილი ოფისი, სადაც შესაძლებელი იყო შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე. აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ამ უკანასკნელს ქონება გამოეყენებინა ფონდის მიზნებისათვის. ამ ნაწილში დგინდება, რომ ფონდმა ერთ-ერთ საწარმოს იჯარით გადასცა ხსენებული უძრავი ქონება, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რესტორანი, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოეყენებინა ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებელობა. შედეგად, ფონდმა ვერ მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა უდედმამო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ფონდის სხვა მიზნებს." - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ ფონდის ფუნქციონირების პერიოდში ქველმოქმედებაში შემოწირული თანხის მხოლოდ 30% არის დახარჯული. 

"ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის ცოლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი - დაახლოებით 25 000 ლარი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 337 000 ლარს შეადგენს. ამჟამად, საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება." - წერია განცხადებაში. 

ბურჭულაძის ცოლი გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში დღეს უნდა მისულიყო, თუმცა როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს ანგელა ვასილენკო გამოკითხვაზე არ მისულა.

მან სასამათლოში დაკითხვა მოითხოვა და სასამართლოში ჩვენების მისაცემად 8 ოქტომბერს დაიბარებენ. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადება, რომლის მიხედვითაც, "იავნანას" ხელმძღვანელი პირებმა, შესაძლოა, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხები არამიზნობრივად დახარჯეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები