მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა - სებ-მა აეროპორტსა და ტურისტულ ზონებში 17 სავალუტო დახურა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში ვალუტის გადამცვლელ 17 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. სებ-ის ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტებმა "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის"მოთხოვნები დაარღვიეს.

კერძოდ, სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ.

"სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ამით შეგნებულად შეჰყავდათ მომხმარებელი შეცდომაში. მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ კურსი საყურადღებოა, თუ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი მიმდინარე წელს დაამტკიცა. სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე ვალუტის გაცვლის ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ.

მოქმედი წესებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებულნი არიან, ვალუტის გაცვლიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

მიმდინარე წელს სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის გამო, ვალუტის გადამცვლელ 120 პუნქტს საჯარიმო სანქცია დაეკისრა, ხოლო 85 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.

"ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლისად გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - [email protected]" - აცხადებს სებ-ი.

კომენტარები