პროკურატურა: "ომეგაზე" გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, დამზადებულია მონტაჟით

რუსთავი 2

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა და დაადგინა, რომ "ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზეაღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ სხვადასხვა მედიიდან აუდიოჩანაწერები გამოითხოვა და მათი ავთენტურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან სამხარაულისექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 9, 11, 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გუშინ, 4 ოქტომბერს გასცა. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტის მიხედვით, ისინი არ არის ავთენტური და დამზადებულია მონტაჟის გზით. გარდა ამისა, პროკურატურაში ამბობენ, რომ ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე "მრავლობით აღინიშნება" ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

"დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამაზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. 

"გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი. საუბარი ეხებოდა "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს საქმის გამოძიების ფარგლებში", - აღნიშნავენ უწყებაში.

შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის" მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"

21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი" საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს.

ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

კომენტარები