კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, ვინც დუშეთში პენსიონერს ძალადობის მუქარით 9000 ლარი გასტაცა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში პენსიონერის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს. დაკავებული 1995 წელს დაბადებული დ.ჟ.-ა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

"ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები