ჰომოფობია

ლგბტ აქტივისტი თავდამსხმელზე: უკეთეს დღეებსა და ადეკვატურ გარემოცვას ვუსურვებ

ნიქო გორგილაძე

​ნიქო გორგილაძე, რომელსაც 17 მაისს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ, ფეისბუქზე წერს, რომ არასრულწლოვნის ციხეში ჩასმას არ ემხრობა, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრალდებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში უნდა ჩაერთოთ.

ასე ლგბტ აქტივისტი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოძალადეს ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეუფარდა.

"17 მაისიდანვე მოყოლებული, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვნის ციხეში ჩასმის მომხრე არა ვარ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ჩემზე თავდამსხმელი. საოცარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ბრალდებულს [სახელი და გვარი ამოღებულია], აღკვეთის ღონისძიების სახით, მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეეფარდა, მშობლისა, რომელმაც განაცხადა: "ჩემი შვილი ქრისტიანული ღირებულებებისა და ქართული ტრადიციების მიხედვით აღვზარდე და თუ საჭიროა მუშტითაც დაიცავს მას!" 

მე რომ ფეხებზე ვკიდივარ ჩემს ქვეყანას, დიდი ხანია, ვიცი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბრალდებულ "ვაჟკაც გმირთა" ბედიც ჰკიდიათ, თორემ [სახელი და გვარი ამოღებულია] ხელში ცოცხს დააჭერინებდნენ და ქალაქს გააწმენდინებდნენ, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეში ჩართავდნენ, ასწავლიდნენ, რომ ძალადობა გაუმართლებელია, რომ პატივი უნდა სცეს საზოგადოების თითოეულ წევრს!

წაახალისეთ ძალადობა, მარჯვენა დაულოცეთ მოძალადეებს, შემდეგ კი, ნიანგის ცრემლები აფრქვიეთ, როცა ხორავაზე არასრულწლოვნებს მოკლავენ! მკვლელები ხართ ყველანი, ვინც ძალადობას ამართლებთ! მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავნი!", - წერს გორგილაძე ფეისბუქზე.

ლგბტ აქტივისტი ასევე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, არც მას და არც ბრალდებულს არ გაუმართლათ, რომ ასეთ საზოგადოებასა და ქვეყანაში დაიბადნენ.

"უკეთეს დღეებსა და ადეკვატურ გარემოცვას ვუსურვებ, სადაც ჯანსაღ მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეძლებს!", - წერს ნიქო გორგილაძე.

ცნობისთვის, პირს, რომელმაც 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიქო ქორგილაძეზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა, ბრალი დევნის მუხლით წარუდგინეს. არასრულწლოვან ს.კ.-ს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ბრალდებულს, რომელიც 15 წლისაა, გამოძიება ნიქო გორგილაძეზე ძალადობას ედავებოდა, თუმცა შემდგომში საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და ს.კ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით ადამიანის დევნას გულისხმობს.

ტაბულა დაინტერესდა, რატომ შეიცვალა კვალიფიკაცია და რატომ აღარ ედავება გამოძიება თავდამსხმელს ძალადობას, თუმცა პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ საქმეზე მეტ განმარტებას ვერ გააკეთებენ.

საქმეზე გამოძიება და სასამართლო პროცესები გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე "არა ჰომოფობიას", ნიქო გორგილაძეს თავს სიტყვის გამოსვლის დროს დაესხნენ. ახალგაზრდა კაცმა მას დაარტყა და გაიქცა, თუმცა პოლიციამ ადგილზე დააკავა.

კომენტარები