ძროხის ქურდობა

შსს: ქვემო ქართლში 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ, 2 კი ვამხილეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში 38 ძროხის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, 2 კი ამხილეს.

უწყების თქმით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის, დმანისისა და მარნეულის სამმართველოების თანამშრომლებმა რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, 2 კი ამავე დანაშაულის ჩადენაში ამხილეს.

გამოძიება 177-ე მუხლით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შინაგან სამეთა სამინისტრომ 38-ივე ძროხა პატრონებს დაუბრუნა.

კომენტარები