შემთხვევა გონიოში

მოსახლეობის თქმით, გონიოში ალკოტესტზე შესამოწმებლად გაჩერებული მძღოლი გარდაიცვალა

flickr

გონიოში, ახალსოფლის გადასახვევთან, მოსახლეობას ცენტრალური მაგისტრალი ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მოქალაქეები, რომლებსაც გზა გადაკეტეს ყვებიან, რომ დაახლოებით ერთი საათს წინ, ახალსოფელის მკვიდრი, 65 წლამდე მამაკაცი სახლში ავტომობილით მიდიოდა, იგი პატრულმა გააჩერა და სავარაუდოდ, ალკოტესტის ჩაბარებას სთხოვდა. 

როგორც თვითმხილველებმა აჭარის ტელევიზიას უთხრეს, მძღოლმა პოლიციელებს უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და წამლისთვის აფთიაქში შესვლას სჭირდებოდა, თუმცა, სამართალდამცველებმა აფთიაქში წასვლამდე ალკოტესტის ჩაბარება მოითხოვეს. ამ დროს მძღოლი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი, პოლიციამ მძღოლი გააჩერა, ალკოტესით შეამოწმა და ვინაიდან გაირკვა, რომ საჭეს ფხიზელი მართავდა, გაუშვა. მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, 15-20 წუთის შემდეგ კი მოქალაქეებმა პოლიციას მიმართეს.  

"მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ.ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს, რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო.

დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ" - აცხადებს შსს. 

კომენტარები