ადვოკატი: ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ოქუაშვილის გაჟღერებულ ინფორმაციასთან

ოთარ ფარცხალაძე

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის მტკიცებით, ყოფილ მთავარ პროკურორს "არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან". გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს - მათ შორის, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით.

"ცრუ ინფორმაციები სურთ წარმოაჩინონ, როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არარსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარ კამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ, ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს.

თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, - ნათქვამია გაგი მოსიაშვილის განცხადებაში, რომელსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ ყოფილი ბიზნეომბუდსმენი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით კი, "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა და დაადგინა, რომ "ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი".

კომენტარები