ISFED: ომეგას ჩანაწერების შინაარსიდან კორუფციული დანაშაულების სისტემური ნიშნები იკვეთება

რუსთავი 2

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიში 9-დან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და მასში საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე. 

ISFED-ის თქმით, საანგარიშო პერიოდს დაემთხვა მედიაში ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომლებიც ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში ამხელს და საარჩევნოდ მმართველი პარტიის სავარაუდო დაფინანსების არალეგალურ სქემას ააშკარავებს.

"ჩანაწერები და გამოთქმული ბრალდებები ქვეყანაში ელიტარული კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის მიმართულებით საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. ხოლო, გამჟღავნებული ინფორმაცია სახელისუფლებო პარტიის დაფინანსების ​სავარაუდო სქემის შესახებ ძირს უთხრის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას ჩრდილს აყენებს  პოლიტიკურ გარემოს და საზოგადოების ნდობა მის მიმართ ამ პირობებში​ აშკარაა, რომ პოლიტიკური ფინანსების საკანონმდებლო ჩარჩო და მონიტორინგის არსებული მექანიზმები ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს",- ამბობენ ორგანიზაციაში. 

“გავრცელებული აუდიოჩანაწერების შინაარსი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს საარჩევნო სისტემაში პოლიტიკური დაფინანსების კანონმდებლობის ეფექტურობას. ჩანაწერების ავთენტურობისა და მათში მოყვანილი ფაქტების უტყუარობის შემთხვევაში, იკვეთება, რომ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები და საკანონმდებლო ბაზა უძლურია წინ აღუდგეს პოლიტიკაში უკანონო ფულადი სახსრების მობილიზებისა და ხარჯვის პრაქტიკას.

მმართველი პარტიის მიერ ფულის უკანონოდ მობილიზება სპეციალურ გასაიდუმლოებულ ფონდში ქმნის არაჯანსაღ პოლიტიკურ გარემოს და საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა უფლებას სამართლიან არჩევნებზე, რაც განაპირობებს საზოგადოების ნდობის დაკარგვას პოლიტიკური პროცესის და პარტიების მიმართ” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციას მიაჩნია, გავრცელებული ჩანაწერები და რუსთავი 2-ის ეთერში გასული ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ სხვა სერიოზული დანაშაულებრივი ქმედებებს ააშკარავებს. 

"აუდიოჩანაწერების შინაარსიდან იკვეთება კორუფციული დანაშაულების სისტემური ნიშნები, რომელშიც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი და სახელმწიფო ინსტიტუტი მონაწილეობს. ასევე, ჩანაწერების შინაარსი მიუთითებს, რომ საჯარო ინსტიტუტები ცალკეული პირების არაფორმალური გავლენებს არიან დაქვემდებარებული"- წერია ანგარიშში. 

შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის" მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"

21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი" საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს.

ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" საქმეზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერები ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა და დაადგინა, რომ "ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზეაღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

კომენტარები